საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
"თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში განსაკუთრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ამბასადორიალი წლევანდელ წელს, გრძელდება ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ ქართული დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობა, მიღწევები და განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები.
ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ცხადია, ამ პროცესში საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ გზაზე თითოეული დიპლომატის როლი არის განსაკუთრებული.
საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენს საელჩოებს.
მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა ხორციელდება პრინციპულად, წარმატებით და თითოეულ შესაბამის ელჩს ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ", - განაცხადა პრემიერმა.