სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი გეგმა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ორბელიანების სასახლეში დარჩენის მოლოდინში პარტიების ნაწილმა ზურაბიშვილის ფიზიკური დაცვის გადაწყვეტილებაც კი მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე ყოფილი პრეზიდენტი შენობიდან გამოვიდა, ოპოზიციაც იძულებული გახდა გეგმისთვის გადაეხედა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი, სადაც მზად იყვნენ ზურაბიშვილის ფიზიკური მხარდაჭერისთვის, დღეს ვერ იხსენებენ მსგავს დაპირებას. ნაწილს კი მიაჩნია, რომ შესაძლოა საზოგადოება მოვლენების სხვაგვარ განვითარებას ელოდა, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილების რევიზიის დრო არ არის.
ოპოზიციაში დაპირისპირების გაღრმავების მოლოდინი აქვთ "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა, რომელსაც ზურაბიშვილი და სხვა და სხვა პარტიები აწყდებიან ისაა, რომ ოპოზიციას ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი სჭირდებოდა. რეალურად კი, ზურაბიშვილის მიმართ ნდობა არ გააჩნიათ.
ოპოზიციას, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჰქონდა, ამას პარტიების ნაწილში არ უარყოფენ. გიორგი გახარიას გუნდში ამ სტრატეგიის მხარდამჭერები არ იყვნენ, თუმცა არც ის უკვირთ, რომ მოვლენების სხვა სცენარით განვითარებამ პარტიებსა და ზურაბიშვილს შორის პოზიციების შეუთანხმებლობა გამოიწვია.
ოპოზიციის გეგმები სახელისუფლებო პარტიის ლიდერებისთვის პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მცდელობად ფასდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუშინ, ოპოზიცია მორიგ ჯერზე დამარცხდა, რადგან ხელისუფლების ყველა შტო უკვე დაკომპლექტებულია.
ოპოზიციასთან ერთად, საზოგადოების ნაწილიც ახლა ელოდება რა პოლიტიკურ გზას აირჩევს ყოფილი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება გუშინ ოფიციალურად, მას შემდეგ ამოეწურა, რაც მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის სტატუსით საპრეზიდენტო ფიცი დადო.