მიხეილ სააკაშვილმა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, სირიაში განვითარებული სცენარის გამეორებისკენ, სასამართლო პროცესზე მოუწოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა დემონსტრანტებს მიუთითა, რომ მათი სამიზნე, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი მოწოდება გამოხმაურების გარეშე დარჩა, ექსპრეზიდენტმა მიმართვის ეს კონკრეტული ფრაგმენტი, საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე, კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა.
ყოფილი პრეზიდენტის გახმოვანებულ სცენარს, ემიჯნებიან მისსავე პარტიაში. "ნაციონალურ მოძრაობაში", სააკაშვილის სიტყვების განმარტებას თავს არიდებენ და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს ემხრობიან.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდების მიღმა, მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს ხედავს და ამის დასტურად მის ძველ განცხადებებსაც იხსენებს. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ქაოსს და გადატრიალების მოწყობის მცდელობას არ დაუშვებს.
ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებს, ემიჯნება ყოფილი პრემიერის გუნდი. გიორგი გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილს, რომელიც მათივე თქმით, სასჯელს სამართლიანად იხდის, მხოლოდ ვითარების გამწვავება სურს. "ძლიერ საქართველოში" კი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მოწოდებები მათთვის უინტერესოა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს კი შექმნილ ვითარებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მმართველმა პარტიამ დღეს ექსპრეზიდენტს წარსულიც შეახსენა და ურჩია, განცხადებების დროს სიფრთხილე გამოიჩინოს.
მიხეილ სააკაშვილმა, მორიგი პოლიტიკური განცხადება 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. ამ კონკრეტულ საქმეში, ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.