02 იანვარი 2025,   18:36
ვრცლად
უკრაინის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტის სამეთაურო შტაბი გაანადგურეს - ვითარება უკრაინაში

უკრაინის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტის სამეთაურო შტაბი გაანადგურეს. რუსეთის ძალების სტრატეგიული ობიექტის აღმოჩენა და ლიკვიდაცია სადაზვერვო მონაცემების ანალიზის საშუალებით გახდა შესაძლებელი. უკრაინის გენშტაბის, მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ადგილზე, რუსეთის საჯარისო ნაწილი იყო დისლოცირებული.

ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. რუსეთის ძალები უკრაინის რეგიონებში საბრძოლო მიმართულებებზე წინსვლას განაგრძობენ. უკრაინის სამხედროები ახლა ოკუპანტს დონეცკის ოლქის ორი ქალაქის ტორეცკის და ჩასივ იარის ქუჩებში უპირისპირდებიან. ანალიტიკურმა პროექტმა ""იუა ვორ ინფორაფიკსმა"" 2024 წელი შეაჯამა, ირკვევა, რომ წელს უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის კიდევ 2800 კვადრატული კილომეტრი დაკარგა.

უკრაინას რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწევს. ეს განცხადება სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. რობერტ კალი-ნიაკის თქმით, ომი დაუყოვნებლივ დასრულდეს და ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგეს, რასაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მოჰყვება. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის აზრით, მომავალ საზღვრებზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის თუ რა ფორმას მიიღებს ომის შემდგომი უკრაინა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინისგან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება სჭირდება. მისივე თქმით რუსეთისთვის ტრამპის უკრაინაში ომის შეწყვეტის გეგმა მიუღებელია.

უკრაინაში ომის დასრულების და ქვეყნისთვის სამართლიანი მშვიდობის დამყარების ერთადერთ პირობად უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეების მხრიდან შეიარაღების მიწოდების ზრდას ასახელებს. ცნობილია, ვაშინგტონის ახალი გადაწყვეტილებაც, უკრაინა 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს. ჯო ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარების პაკეტი ფრონტის ხაზზე აუცილებელი შეიარაღების სასწრაფო წესით მიწოდებას ითვალისწინებს. იგეგმება საჰაერო თავდაცვის სისტემების და საარტილერიო დანადგარების გადაცემაც.

ცნობილია ვაშინგტონის კიდევ ერთი გადაწყვეტილებაც. ამერიკა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი შმიგალის განმარტებით, აღნიშნული თანხა, სოციალურ და ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები