სამხრეთ კორეაში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ავიაკატასტროფას ქვეყანაში 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 181-დან სამაშველო ძალებმა, მხოლოდ 2-ის გადარჩენა შეძლეს. ორივე მათგანი ეკიპაჟის წევრია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. თვითმფრინავი ტაილანდიდან, მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მალევე მობილიზდა 700-ზე მეტი პოლიციელი, ჯარისკაცი და სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი.
ბორტზე 175 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მგზავრებიდან 2 ტაილანდის, ხოლო 173 სამხრეთ კორეის მოქალაქე იყო. 179 მსხვერპლიდან 141-ის ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია.
ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნია 2 შავი ყუთიც. გამომძიებელთა ჯგუფები, შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ კორეიდან, ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. ოფიციალური პირები, თავდაპირველად ავარიის სავარაუდო მიზეზად ფრინველთან შეჯახებას ასახელებდნენ, თუმცა რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. გამოძიების ვერსიას, შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
ექსპერტების კრიტიკა ასაფრენ ზოლთან მდებარე ბეტონის კონსტრუქციამ გამოიწვია. მათი აზრით, დაუშვებელი იყო ადგილზე მსგავსი ნაგებობის არსებობა.
ეს ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფაა სამხრეთ კორეაში 1997 წლის შემდეგ, როდესაც კორეის ავიახაზების Boeing 747 ჩამოვარდა გუამის ჯუნგლებში, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა.