შეერთებულმა შტატებმა, "მაგნიტსკის გლობალური სიის" ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს, კორუფციაში მონაწილეობის გამო, სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
დასანქცირების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში.
"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უნგრეთის ლიდერებს, პროაქტიულად, ცალსახად და გადამწყვეტად გადაჭრან კორუფციის საკითხი. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსსა და უფრო აყვავებულ ევროპას", – აღნიშნულია განცხადებაში.