20 იანვარი 2025,   12:30
ვრცლად
ხმაური საქალაქო სასამართლოში - ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავდნენ. სხდომა ადვოკატებმა და ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. სხდომის შეწყვეტამდე, შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი. ადვოკატებმა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობის განმეორებით დაყენების მიზეზად სწორედ ეს ფაქტი მოიყვანეს და აცხადებდნენ, რომ მცირე დარბაზში არსებული ხალხმრავლობის გამო, სუნთქვა იყო შეუძლებელი.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღნიშნული შუამდგომლობა არც ამჯერად დააკმაყოფილა, რასაც სასამართლო დარბაზში და მის გარეთ პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, პროტესტმა საქალაქო სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა, სადაც შეკრებილები იყვნენ დაკავებულების ახლობლები და პოლიტიკოსები.

ბრალდებულების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ თუ მოსამართლე დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი პროცესში ჩასართავად მზად არიან. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, 5 მათგანს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები