
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპისთვის მთავარიო საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ, მისსავე შიგნითაა.
ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა რუმინეთში არჩევნების გაუქმება ახსენა და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის დახურვა, არჩევნების შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა - ეს არის დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზა.
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დი ვენსმა დაასახელა მასობრივი მიგრაციაც, რომელიც, მისი აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნა.
"არგუმენტი იყო ის, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ რუმინეთის არჩევნებში შეაღწია, მაგრამ ჩემს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებ, მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ. შეგიძლიათ მიიჩნევდეთ, რომ არასწორია, როდესაც რუსეთი ცდილობს სოციალური მედიის რეკლამებით თქვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენას, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა.
გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით არის, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ – ვიქცევით თუ არა საკმაოდ მაღალი სტანდარტების მიხედვით?
უფრო მეტად ჩანს, რომ ძველი ფესვგადგმული იდეები იმალება საშინელი საბჭოთა დროინდელი სიტყვების მიღმა, როგორიცაა დეზინფორმაცია, ვისაც უბრალოდ არ მოსწონს იდეა, რომ ალტერნატიული ხედვის ადამიანმა გამოხატოს განსხვავებული აზრი, ან ხმა მისცეს განსხვავებულად, ან უარესი, გაიმარჯვოს არჩევნებში. ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია და მჯერა, რომ არ არის უსაფრთხოება, თუ თქვენი ხალხის ხმების, მოსაზრებების გეშინიათ. ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა და გამოწვევა, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშეა, ჩვენივე შექმნილია. თქვენ თუ გეშინიათ თქვენი ამომრჩევლების ხმების, ამერიკა თქვენთვის ვერაფერს გააკეთებს. სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ზოგჯერ არ არის ცხადი, რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. მე ვუყურებ ბრიუსელს, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებენ სოციალური მედიის დახურვას სამოქალაქო არეულობის დროს. ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.