26 აპრილი 2025,   19:23
ვრცლად
"ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთთან საუბრის პოზიციების განხილვაში არ შევალ" - ლანა გალდავა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე არა რუსეთში და ჩინეთში, არამედ მისსავე შიგნითაა.

ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა არჩევნების გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც.

დი ვენსის გზავნილები მიუნხენიდან უკვე გახდა შეფასებები საგანი თბილისში.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, არ ეთანხმება პოზიციას, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის გარკვეულ ქვეყნებს დემოკრატიის კრიზისი ჰქონდეს.

მისივე თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობს დემოკრატიის კრიზისი, და ქვეყანას ამერიკისა და ევროპის დახმარება სჭირდება.

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული ქვეყნების ერთმანეთთან საუბარს, გალდავას თქმით, მათი პოზიციების განხილვას არ აპირებს.

"ვიზიარებ და ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის იმ ქვეყნებში, რომელზეც საუბრობთ, დემოკრატიის კრიზისი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, ვხედავ, რომ დემოკრატიის კრიზისია, ვხედავ, რომ ეგზისტენციალურად მჭირდება მე ამ ქვეყნების დახმარება, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთთან საუბრის პოზიციების განხილვაში არ შევალ", - განაცხადა ლანა გალდავამ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროპის უსაფრთხოება საქმით იქნება გაძლიერებული.

"ერთი არის დონალდ ტრამპის შიდა რიტორიკა და მეორე - საქართველოს გაცხადებული ინტერესი. რაც არ უნდა განხილვა იყოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მათ შორის, პასუხები ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული უსაფრთხოება გაძლიერებული იქნება საქმით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები