
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს პირველად მოუსმინეს.
დღის ბოლოს კითხვებს უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძემ 2012 წლამდე ავტომობილების და უძრავი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის პრაქტიკაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა უწყების თანამშრომელთა მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც.
"მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არაერთ სასამართლო პროცესში ვართ ჩართული, სადაც იყო შემთხვევები ავტომობილების ჩამორთმევის და ამ შემთხვევაში გვიწევს უკან დაბრუნება იმ პირებისთვის, ვისაც უკანონოდ ჩამოართვეს დავის დროზე. ასევე, უძრავი ქონების საკითხებთან მიმართებაში, ეს არის ღია პროცესები და ღია გადაწყვეტილებები არსებობს. იყო შემთხვევები, როდესაც კერძო მიწაზე აშენდა პოლიციის შენობა და მოგვიწია დაზარალებული პირისთვის სხვა ქონებით ჩანაცვლება. გარდა ამისა, იყო შემთხვევები როდესაც არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკანონოდ მოხდა მათი მსჯავრდადება. მოგვიწია ამ ადამიანებისთვის, როგორც კომპენსაციების გადახდა, ასევე სამსახურში დაბრუნება", - განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილემდე კომისიის სხდომაზე მოუსმინეს პროკურატურის წარმომადგენელს - კერძოდ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსს.
დროებითი საპარლამენტო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს - ექვს თვეში დასკვნა პროკურატურას უნდა გაუგზავნონ.