
ამერიკამ იემენში, დედაქალაქ სანააში, "ჰუსიტებზე" საჰაერო თავდასხმა განახორციელა. "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის იერიშებს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 101 დაშავდა. დაბომბვა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით დააანონსა, სადაც ირანს "ჰუსიტების" დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისგებით დაემუქრა.
"თუ თქვენი თავდასხმები დღესვე არ შეწყდება, თავს წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დაგატყდებათ" - მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა "ჰუსიტებს".
ირანის მხარდაჭერით, ჰუსიტები 2023 წლიდან, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში გამავალ სავაჭრო და სატვირთო გემებს თავს ესხმიან. მათივე თქმით, პალესტინელების მხარდაჭერის მიზნით იერიში მხოლოდ ისრაელის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოების გემებზე მიაქვთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარა.