
სხდომაზე ბესიკ ხარძიანის შვილმა დეტალურად ისაუბრა იმ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც კუს ტბის წილებისა და სხვა ქონების დათმობის სანაცვლოდ, ვანო მერაბიშვილის უწყებამ ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოიყენა. სააკაშვილის ხელისუფლება ხარძიანების ოჯახს პირველად 2006 წელს დაუპირისპირდა. როგორც ბიზნესმენის შვილი ჰყვება, მაშინდელმა გენ პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, ბესიკ ხარძიანს 5 მილიონი დოლარი იძულებით გადაახდევინა. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ის სისტემის სამიზნე კიდევ ერთხელ 2011 წელს გახდა. გლდანის ციხეში სასტიკი მოპყრობა, ძალადობის კორიდორი, 2 კვირიანი კარანტინი, ფუქსსა და მორგში გატარებული ღამეები - ხარძიანის შვილმა დეტალურად ისაუბრა წამების იმ მეთოდებზე, რომელსაც მამამისის წინააღმდეგ მიმართავდნენ. მისი თქმით, გია უდესიანის დავალებების შემსრულებელი კი ალექსანდრე მუხაძე იგივე "ქილერა" გახლდათ.
გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია,ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბესიკ ხარძიანის წამების საქმეში დღეს დასახელდა. მოკლული ბიზნესმენის შვილმა კომისიის წევრების დასმულ კითხვებსაც უპასუხა. კომისია ასევე დაინტერესდა იმ ფაქტით თუ როგორ მიიღო ხარძიანმა საპატიმროში 120 000 დოლარის ოდენობის სესხი ერთ დღეში "თი ბი სი" ბანკისგან.
კომისიამ დღეს საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც დაკითხა. საპატიმროდან ჩაერთო გია უდესიანის დის ქმარი ზაზა გუგავა. პირი, რომელიც კუს ტბის წართმევის საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა, დღეს კითხვებზე პასუხებს თავს არიდებდა.
გუგავას მსგავსად კითხვებზე თავის არიდება სცადა უდესიანის ადვოკატმაც. დავით კვაჭანტირაძემ 2000 დოლარის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანის მინდობილობა საპატიმროში, კვირა დღეს, ბზობის დღესასწაულზე კანონის დარღვევით გადააფორმა.
უდესიანის ადვოკატის შემდეგ, დეპუტატების წინაშე ისაუბრა ხარძიანების ადვოკატმაც, ლამარა კობალაძემ ახალი გვარები და წამების საქმეში არსებული დეტალები დაასახელა.
სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ კომისია ამ და სხვა დანაშაულებრივს საქმეებზე მოკვლევას გააგრძელებს.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.