
დროებითი საგამოძიებო კომისიის ხმაურიანი სხდომა მეორე დღეა შეფასებების საგანია. კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, პირველ დღეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმე განიხილა. ეს ერთ-ერთია იმ საქმეებიდან, რომელიც 2003-2012 წლებს უკავშირდება. პარლამენტში შექმნილი კომისია ხარძიანის გახმაურებული საქმის გარდა სხვა დანაშაულებრივ საქმეებზეც გააგრძელებს მოკვლევას.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, პაატა სალიას განცხადებით, ბესიკ ხარძიანის შვილის მონათხრობითა და სხვა ფაქტებით უტყუარად დასტურდება, რომ წინა ხელისუფლების დროს, პენიტენციურ სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.
"ბესიკ ხარძიანის შვილი საუბრობდა, მან აღწერა იმ წარმოუდგენელი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი მონათხრობიდან, რომელიც ეფუძნებოდა აწ გარდაცვლილი ბესიკ ხარძიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მასალებითაც დასტურდებოდა, ნათლად ჩანს ის სისტემური დანაშაული, რასაც ადგილი ჰქონდა პენიტენციურ სისტემაში, რაც გულისხმობდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
გაიხსენეს ის ეპიზოდი, როდესაც ორი დღე-ღამის განმავლობაში აწამებდნენ ადამიანს და მას არ ეძლეოდა არც დაჯდომის, არც დაწოლის საშუალება. ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ქონება გამოსძალეს. უკვე "ქართული ოცნების" პერიოდში მოხდა ამ საქმეების გამოძიება, დასრულება და, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მათ მოახერხეს იმ ქონების დაბრუნება, რაზეც ჰქონდათ დავა სასამართლოში.," - აცხადებს პაატა სალია.