
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირი გავლენა არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ "კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ქართველი ხალხი არანაირ მანდატს არ მისცემს და მათ სავალალო მდგომარეობას კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს".
"უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამით საბოლოოდ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის გადატვირთვა მოხდება. ამიტომ მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოვუწოდებ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში იქნება და იმედია, იქიდანაც მისი მფარველები მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან საქართველოში ექსტრემიზმი საბოლოოდ უნდა დამარცხდეს და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი პარტიები დასრულდნენ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.