
ითანამშრომლებენ თუ არა ხაზარიძე-ჯაფარიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან? ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში კომისიის სხდომა იწყება.
განიხილება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის "მაგნატის" სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმე, სადაც "თი-ბი-სი" ბანკის სახელიც ფიგურირებს. ყოფილ ბანკირებთან ერთად, დროებით კომისიას ჩვენება დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემაც უნდა მისცეს.
"ლელოს" ლიდერები ჯერჯერობით პარლამენტში არ გამოჩენილან.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს შესაძლოა გახდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი და მნიშვნელოვანია, თითოეულმა წევრმა, ვისაც გაეგზავნება შესაბამისი უწყება, გამოძიებასთან ითანამშრომლობს და კომისიას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს.
რაც შეეხება კომისიის დღევანდელ სხდომას, დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტულ საქმეს, რომელიც ეხება შპს "მაგნატს" და მის დამფუძნებელს ჯემალ ლეონიძეს. ჯემალ ლეონიძე კომისიის წევრებს დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის. მასთან ერთად დაბარებულები არიან "ლელოს" ლიდერები, რადგან სწორედ ლეონიძის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მფლობელობაში არსებული კომპანია წინა ხელისუფლების დროს გადაეცა დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიას და მაშინელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, ამ შემთხვევაში საუბარია "ლელოს" ლიდერებზე.
"სამაგალითო საქმეც არის "მაგნატის" საქმე, იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნის თავის ნავთობიმპერიას, ნავთობის გაყიდვის იმპერიას, რომელიც შემდგომ "გალფის" სახით ჩამოყალიბდა, როდესაც სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს იჭერენ, ართმევენ მათ ბიზნესებს, ამ ადამიანებს ამწყვდევენ ციხეში და ამათ წართმეული ქონების საფუძველზე იქმნება მონოპოლია. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ გამოყენებული ხელისუფლებასთან დაახლოებული ისეთი ბიზნეს სტრუქტურები, როგორიც იმ დროისთვის იყო "თი ბი სი" და კონკრეტულად, ხაზარაძე მამუკა და ბადრი ჯაფარიძე არიან ის ადამიანები, რომელთა ვინაობაც ფიგურირებს ძალიან ბევრ საქმეში", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი სოზარ სუბარი.