20 აგვისტო 2026,   20:08
ვრცლად
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის", სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის", სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის, რომლებიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეები, ჯერჯერობით, შედეგს ელოდებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ CMC გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მილიონიან ზარალზეა საუბარი, წლებია, კომპანიას ამუშავებს; ის მიდგომა კი, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის, ანუ მორალური და არა სამართლებრივი მხარის გამო, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" ფინანსური რესურსი თავად უნდა მოიძიოს, მათი შეფასებით, სწორი მიდგომა არ არის.

"კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ჭიათურელების მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია, კომპანია ამუშავებს ზარალიან კომპანიას - საუბარი არ არის ერთ და ორმილიონიან ზარალზე, არამედ ათობით მილიონიან ზარალზე. ამ პირობებში, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ კომპანიას მეტი წნეხი ჰქონდეს შექმნილ სიტუაციაში და გამოსავალზე არ ვფიქრობდეთ. ეს საკითხი უფრო მეტად მორალურია, ვიდრე სამართლებრივი. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომების განვითარება მნიშვნელოვანია, რომ ჩიხური სიტუაცია იქნას სწორად გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომიდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ჭიათურის მიმართულებით.

სამმხრივი კომისიის ფარგლებში, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მთელი რიგი განცხადებებიც გააკეთა. მიმდინარეობს კონტურებისა და ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის გაჯანსაღებისა და სტაბილიზაციის მიმართულებით," - განაცხადა კომპანია CMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თემურ ხონელიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბალანსის პოვნას ცდილობს, თუმცა ეს მარტივი არ არის. მათივე თქმით, არ უკვირთ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" პოზიცია, რომ როდესაც CMC ზარალზეა, მათი ინტერესია მისი დახურვა, თუმცა, მმართველი გუნდის შეფასებით, მსგავსი ბიზნესის წარმოებას თან ახლავს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანიისთვის თავიდანვე ცხადი იყო.

"ერთის მხრივ, გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა რამდენიმე თვის განმავლობაში, უწყვეტად, წამგებიან რეჟიმში იმუშაოს, მეორეს მხრივ - სახელმწიფოსა და მოსახლეობის მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს, კომპანიას და, მითუმეტეს, ამხელა ბიზნესს აკისრია ხოლმე, იყოს სრულად გააზრებული და პატივცემული. სახელმწიფოს ინტერესი და როლი, ამ შემთხვევაში, ის არის, რომ ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ, რომ ერთის მხრივ, ბიზნესის ინტერესი იყოს დაცული, მაგრამ მოსახლეობის ინტერესიც მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ პროცესშია ჩართული სახელმწიფო. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.

დღის ამბები