"რთული პირობები იყო, ყველას უჭირდა, ყველას დახმარება სჭირდებოდა, მადლობა ფეხბურთს, რომ მე ფეხბურთის თამაშით შევძელი ჩემი ოჯახისთვის პრობლემები ამეცილებინა" - საყვარელი საქმინობისადმი მადლობით დაიწყო საუბარი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა თემურ ქეცბაიამ, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩემპიონები" სტუმრობისას.
თემურ ქეცბაიამ თავისი კარიერის დასაწყისი გაიხსენა და ისაუბრა, როგორ აუხდა ოცნება, როგორ გამოიძახეს 19 წლის ასაკში სოხუმის "დინამოდან" თბილისის "დინამოში", იმ კლუბში, რომელმაც "1981-ში თასების თასი მოიგო".
"მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში და ისინი, რა თქმა უნდა, დამეხმარნენ, რომ როგორც ფეხბურთელი გავზრდილიყავი და იმისთვის მიმეღწია, რასაც მივაღწიე."
კითხვაზე, როგორ შეადარებს ახლანდელ საქართველოს ნაკრებს და მის დროინდელ ნაკრებს, თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ შედარება პრინციპში შეუძლებელია, რადგან 90-იანი წლები თავისი უამრავი ყოფითი პრობლემითა თუ ომებით, ძალიან განსხვავდება დღევანდელი გარემოსგან.
"ვერ შევადარებ, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარეთ, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთში, სამაჩაბლო, არეულობა... ფეხბურთისთვის არავის ეცალა. რომ ჩამოვდიოდით [ფეხბურთელები] იმდენი პრობლემა იყო ჩვენს ირგვლივ, რომ იმის საშუალება არ გვქონდა მარტო ფეხბურთზე გვეფიქრა, ფეხბურთზე ფიქრს ვიწყებდით, როცა მინდორზე გავდიოდით... არ მოგვეცა საშუალება იმ პირობებში გვეთამაშა ფეხბურთი, რა პირობებშიც დღეს თამაშობენ. დღეს უკვე ის პრობლემები აღარ არის და გამოჩნდნენ ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც დღეს გვყავს და ყველას გვიხარია, ბიჭებმა ისეთი არაჩვეულებრივი ევროპის ჩემპიონატი გამოიარეს. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაში, როგორ უყვართ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი და რამდენი არის გასაკეთებელი კიდევ, რომ არა მარტო ნაკრები გვყავდეს კარგი, არამედ საქართველოს ჩემპიონატიც იყოს კარგი და უფრო მეტი კვალიფიცირებული უცხოელი ფეხბურთელი ჩამოვიდეს ქვეყანაში".
თემურ ქეცბაიამ "ჩემპიონებში" სტუმრობისას მისი, როგორც ფეხბურთელის და როგორც მწვრთნელის კარიერაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პირადად მისთვის ფეხბურთის თამაში და ფეხბურთელობა იყო სწორედ ყველაზე დიდი სიამოვნება.
"სულ სხვა არის ფეხბურთი, იმხელა სიამოვნებაა, მე მწვრთნელადაც ვმუშაობ თითქმის 20 წელია და ახლა რომ მკითხონ - ფეხბურთი თუ მწვრთნელობა, ვიტყოდი 100%-ით ფეხბურთელობა. ისეთი სიამოვნება ჩემთვის არაფერს მოუნიჭებია, როგორც ფეხბურთის თამაშს. მენატრება, რა თქმა უნდა.
უკან რომ დავბრუნდე არაფერს შევცვლიდი. მთელ ჩემ მიზნებს, რაც მქონდა როცა პატარა ვიყავი, მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, როგორც საქართველოს მოქალაქემ. მე ბევრჯერ მითქვამს, საზღვარგარეთ რომ ცხოვრობ, ყველანაირად უნდა ცდილობდე შენი ქვეყანა ასახელო, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ იმის გარდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა, კიდევ რაღაცით დამენახებინა ქვეყნის სახე და მგონია, შეძლებისდაგვარად ესეც მოვახერხე" - აღნიშნა თემურ ქეცბაიამ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩემპიონები" სტუმრობისას.