
კახეთში, კაცმა თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელიც და მოკლულიც სოფელ ქისტაურის მკვიდრია. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მკვლელი უკვე დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯ.კ.-მ, სანადირო თოფიდან გასროლით, ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.