ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში, ის ოფისები ჩანს, სადაც ე.წ ქოლცენტრები ფუნქციონირებდა. ვიდეომასალით ირკვევა, რომ დამსაქმებლებს სპეციალური სივრცეები ჰქონდათ მოწყობილი, სადაც განთავსებული იყო კომპიუტერული ტექნიკა და ის აპარატურა, რასაც სავარაუდოდ უკანონო საქმიანობისთვის იყენებდნენ.
ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, დედაქალაქსა და აჭარის რეგიონში გვიან ღამით, ერთდროულად გამოჩნდნენ. რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო უწყებამ ოფისებიდან ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღო.
ჩხრეკა ობიექტებზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პეკინის 27 ნომერში, საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ ოფისის თანამშრომლები და ადვოკატი. კახა წერეთლის მტკიცებით, ოფისში სარეკლამო კომპანია ფუნქციონირებდა.
რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა პეკინის ქუჩაზე არსებული ფართი დალუქეს და ტერიტორია დატოვეს. მეზობელ ოფისებში დასაქმებულები ადასტურებენ, რომ ე.წ ქოლცენტრის არსებობის შესახებ მათ რამდენიმე თვის წინ შეიტყვეს. ინფორმაცია კი თავად ოფისის ხელმძღვანელმა დაუდასტურა, რომელიც სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქე იყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ე.წ ქოლცენტრების შესაძლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ჩაატარა. გამოძიება ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის 4 - თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლებით მიმდინარეობს.
ე.წ ქოლცენტრების საქმეზე, დუშეთში დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა შსს-მ. დაკავებულია ჩინეთის 14 მოქალაქე, რომლებიც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ბოლო 6 თვის განმავლობაში, სოფელ ჭოპორტში მდებარე, სასტუმრო ""არაგვი რეზორტში"" ეწეოდნენ.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, საქართველოს მოქალაქის მიერ ნაქირავები ერთ-ერთი ოთახი, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კომპიუტერული ტექნიკით სავსე, ე.წ ქოლცენტრი ჰქონდათ მოწყობილი. პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ამ სივრცეში არსებული ათეულობით მობილური ტელეფონი და კომპიუტერი ამოიღო, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით სავარაუდოდ უკანონო ფინანსურ საქმიანობას ახორციელებდნენ.
შსს-ს ცნობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე, ცოტახნით ადრე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. სამართალდამცველების მისვლის დროს კი ცეცხლი უკვე ლიკვიდირებული იყო. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი- სასტუმროს მფლობელები ვერ ამბობენ. ამტკიცებენ, რომ ე.წ ქოლცენტრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ე.წ ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შსს, ახლა იმ კომპიუტერებში, მობილურებსა და დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას სწავლობენ, რომელიც ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს. სამართალდამცველები, დანაშაულში ჩართული პირებისა და მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ატარებენ.