საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაწესებულ დღესასწაულს მრევლი 10 დიდ ქალაქში აღნიშნავს.
ქაშვეთის ტაძართან უკვე მიმდინარეობს საბოლოო სამზადისი დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით. ისმის საგალობლების ხმა. მოქალაქეებმა ადგილზე უკვე დაიწყეს მისვლა. 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და 14:45 წუთზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მოქალაქეები მსვლელობით გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.
"ეს დღე ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა ვალდებულებები გაგვაჩნია ოჯახის მიმართ, რა დამოკიდებულება და აზროვნება უნდა გაგვაჩნდეს. ქრისტიანული სწავლებით, ეს არის ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მსახურება სიყვარულით. ძლიერი და მტკიცე ოჯახი ეს არის საწინდარი ძლიერი სახელმწიფოსი. სწორედ ამიტომაც აღინიშნება ასე გრანდიოზულად, რადგან ეს გვაერთიანებს ყველას მიუხედავად სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლობისა, სხვადასხვა სქესისა, ასაკისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ ეროვნებისა,“ - ამბობს დეკანოზი მამა იოანე (გორელიშვილი).