12 აგვისტო 2026,   11:02
ვრცლად
"სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად მომზადებული მოვედი, რომ შეიძლება ციხეში წავსულიყავი აქედან" - საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართა

დღეს, საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის არ შესრულებას ედავებიან. მის წინააღმდეგ საქმე 349-ე მუხლით არის აღძრული.

ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გარანტიადაც მან უძრავი ქონება ჩადო. დღეს, ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. მომდევნო პროცესზე კი დაცვის და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან.

"ყოველ სხდომაზე უნდა ველოდოთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება. დიდი ალბათობით, გადაწყვეტილიც აქვთ, თუ რამე გარემოება არ შეიცვალა, რომ ყველა ჩვენგანი საპატიმრო დაწესებულებაში გაგვიშვან. მე დღესაც ამ მოლოდინით მოვედი, სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად მომზადებული, რომ შეიძლება ციხეში წავსულიყავი აქედან," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც.

"სავარაუდოდ, შემდეგ პროცესზე საქმის განხილვას ვერ დავასრულებთ, ერთი პროცესი კიდევ გადაიდება და როდესაც ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას, დასრულდება საქმის განხილვა. ბრალდების მხარეს აქვს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი. რაც შეეხება სასჯელს - განსაზღვროს სასამართლომ," - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები