ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპული საბჭოს მიერ დღეს დილით გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განახლებული წესებით ევროკავშირი მეტად ეფექტურად შეძლებს რეაგირებას ისეთ სიტუაციებზე, როდესაც "უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება".
"ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. თუმცა, მესამე ქვეყნების მოქალაქეები თუ ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ უამრავ ახალ საფუძველზე, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს:
1. ქვეყნის უვიზო მიმოსვლის შეუთავსებლობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, სადაც - ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიულმა სიახლოვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არასანქცირებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა.
2. ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა ენიჭება პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ.
3. ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები კანონმდებლობასა და პროცედურებში, დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
4. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იქ, სადაც ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ან გაეროს წესდების სერიოზული დარღვევაა.
შეჩერების ეს საფუძვლები ემატება არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, სადაც თავშესაფრის აღიარების დაბალი მაჩვენებელია, ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც უარი ეთქვა შესვლაზე ან დარღვეული აქვთ ევროკავშირში ყოფნის ვადები.