პარტია "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელბორკილები პარტიის ოფისში მას შემდეგ დაადეს, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული ვერდიქტიდან რამდენიმე საათში, "ლელოს" ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მოსამართლის განჩინებაც ადგილზე გააცნეს.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მამუკა ხაზარაძემ ბრძოლის გაგრძელება დააანონსა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მოსამართლის გადაწყვეტილება პარტიის ოფისში მოისმინა, შემდეგ კი თანაგუნდელებს მიმართა და თქვა, რომ ახლა გაერთიანების დროა და ამაში კოლეგა ოპოზიციონერების დარწმუნებასაც აპირებს.
ამ განცხადებას წინ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ერთობლივი ბრიფინგი უძღოდა. ბადრი ჯაფარიძემ მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გაერთიანებისკენ მოწოდებების შემდეგ მალევე, "ლელოს" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო გიორგი ვაშაძეც, რომელიც განაჩენს ხვალ მოისმენს და რომელსაც გამოძიება, "ლელოს" ლიდერების მსგავსად, საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ნებისმიერ კანონდარღვევას კი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი მოსამართლემ დღის პირველ ნახევარში გამოაცხადა.
"ლელოს" ლიდერებმა ოფისიდან, ზურა გირჩი ჯაფარიძემ კი მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საპატიმროდან მოისმინა. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, მოსამართლემ, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თანხის გადახდაზე უარი თქვა და ის 22 მაისს, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
კანონის წინაშე რომ ყველა თანასწორია, ეს პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის სხვა ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ბევრად უფრო მკაცრად ისჯება.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გამოძიება სულ 8 ოპოზიციონერ ლიდერს ედავება, მათგან 3 - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე უკვე მსჯავრდადებულები არიან, დანარჩენი 5 პოლიტიკოსი კი მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია.
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.