უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა, როგორც თავად უწოდებენ, ფართომასშტაბიანი მექრთამეობის სქემა გამოავლინეს. BBC წერს, რომ საქმე ეხება დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შესყიდვისას კანონის დარღვევას. დაკავებულები არიან უკრაინელი დეპუტატი და სხვა ოფიციალური პირები.
ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი წერს, უკრაინელი დეპუტატი, რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ასევე ეროვნული გვარდიის სამსახურის რამდენიმე წევრი ჩართულები იყვნენ სქემაში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებას მიმწოდებლებთან 30%-მდე ხელოვნურად გაზრდილ ფასში.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ბრალდებულებს შორისაა პარტია "ხალხის მსახურის" დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი.
ზელენსკი წერს, რომ უკრაინაში კორუფციის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობა" იქნება. ის მადლობას უხდის სააგენტოებს გაწეული მუშაობისთვის.
ცნობისთვის, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ განაახლა. იქამდე, 22 ივლისს, უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც აღნიშნული უწყებები გენერალურ პროკურატურას დაუქვემდებარა. კანონს ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. კანონი უკრაინის ქალაქებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, რასაც შედეგად გადაწყვეტილების შეცვლა მოჰყვა.