ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ის ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელის თემში "ჰამასის" მებრძოლების ტერორისტულ თავდასხმას ასახავს.
ვიდეო პირველად ნახა საბინ ტაასმაც, რომლის ქმარი და 17 წლის ვაჟი ამ თავდასხმის დროს მოკლეს. კადრებში ჩანს საბინ ტაასის ორი მცირეწლოვანი შვილიც. აფეთქების დროს ერთ-ერთმა მხედველობა დაკარგა. მოგვიანებით, ისრაელის სამხედროებმა ბავშვები მეზობლად მდებარე თავშესაფარში იპოვეს.
სწორედ ეს თავდასხმა გახდა ღაზას სექტორზე ისრაელის სრულმასშტაბიანი შეტევის მიზეზი. 23-თვიანი ომის შედეგად, პალესტინურ ანკლავში გარდაცვლილთა რიცხვმა 63 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ გასულ 24 საათში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 60 ადამიანი ემსხვერპლა და დაიჭრა 244. ღაზას ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ნანგრევებში მოყოლილია ათობით ადამიანი, თუმცა რესურსების დეფიციტის და მიმდინარე დაბომბვების გამო სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებს ადგილზე მუშაობა უჭირთ.
ისრაელის განზრახვას, სრული კონტროლი დაამყაროს ქალაქ ღაზაზე, გარდაუვალ კატასტროფად მიიჩნევს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო. საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჰუმანიტარულ და სამხედრო ალყაში მოქცეულ ქალაქზე შეტევას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.
შიმშილითა და ომით დაზარალებულ პალესტინურ ანკლავში იფეთქა იშვიათმა დაავადებამაც, რომელიც ჯერ დამბლას, შემდეგ კი ადამიანის სიკვდილს იწვევს. გილენ ბარეს სინდრომმა უკვე 94 ადგილობრივი იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაავადება კვებითი დეფიციტის ფონზე, იმუნური სისტემის დაქვეითებით არის გამოწვეული.
ღაზას სექტორზე გაძლიერებული იერიშის ფონზე, ადგილობრივები ევაკუაციას ცდილობენ, თუმცა უმეტესობამ არ იცის, სად წავიდეს. ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით სიკვდილის საფრთხეა და თავშესაფარიც აღარ არსებობს. ქალაქის გარეუბანზე მიტანილი ბოლო იერიშის შემდეგ, ხალხი ყველა საშუალებით ცდილობს ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით გადაადგილებას.
საომარი კამპანიის მძიმე შედეგების გამო ისრაელს აკრიტიკებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თურქეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა და საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა ისრაელის ავიაკომპანიებს. ერდოღანის მთავრობა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, შეწყვიტონ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა.
ისრაელის სამხედრო კამპანია "ჰამასის" ქმედებებს მოჰყვა, რომელმაც სამხრეთ ისრაელის დასახლებებიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს 1200 ადამიანი მოკლა და 250 გაიტაცა. ბოლო მონაცემებით, ღაზაში რჩება 49 მძევალი, საიდანაც ცოცხალი, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცია.