24 ივლისი 2026,   18:03
ვრცლად
"როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით გხვდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად ამისა, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თავი შევიკავოთ" - ლევან მაჭავარიანი

ხმაური და დაპირისპირება იყო გვიან ღამით კახა კალაძის შტაბთან, სადაც ოპოზიციის აქტივისტები მივიდნენ და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მომხდარზე, მედიასთან განმარტება გააკეთა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა. ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს არის უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში. მან მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსს, დაგმოს "ლიბერალური ფაშიზმი".

"ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დაფინანსებულია სწორედ ევროკავშირის თანხებით და ენჯეოს აქტივისტები არიან იქ, მდიდარი ენჯეოს აქტივისტები არიან, ნაცების აქტივისტები არიან, ძირითადი ბირთვი ამ აგრესიული მოქალაქეების და რატომ არ იღებენ ხმას, რატომ არის დუმილი? არ არის ეს პირდაპირ ხელის შეშლა საარჩევნო პროცესში? გარედან ეგ დავალება აქვთ მიღებული, რათა დაძაბონ სიტუაცია ხელოვნურად საქართველოში, ვინაიდან ოპოზიცია არის ბოლომდე გამარგინალებული. როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად და რაღაც საშინელი სიტყვებით გხვდება შეძახილები, ძალიან რთული არის შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ არის გამიზნული და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში დიპლომატიურ კორპუსს, რომ მოიქცნენ პასუხისმგებლიანად და გააკეთონ თუნდაც რაღაცა კომენტარი“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

დღის ამბები