01 აგვისტო 2026,   09:05
ვრცლად
ბულინგი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და პერსონალური ინფორმაციის უკანონო გასაჯაროვება – რატომ აჭიანურებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პასუხს "რუსთავი 2- ის" ჟურნალისტის საქმეზე

ვინ არის უფლებადამცველი? როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები განმარტავენ, უფლებადამცველები არიან ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი გზით და დისკრიმინაციის გარეშე იცავენ ადამიანის უფლებებს.  უფლებადამცველის იდენტიფიცირება ხდება არა პროფესიის და სამსახურის ადგილის, არამედ საქმიანობის შინაარსობრივი მხარის მიხედვით. 

რა მისია აქვს უფლებადამცველს? იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ უფლებადამცველი სწავლობს, აკვირდება და აფიქსირებს უფლებების დარღვევის შემთხვევებს, როგორიცაა ძალადობა, დისკრიმინაცია, უსამართლო მოპყრობა, ბულინგი და იბრძვის მათ წინააღმდეგ.

ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, უფლებადამცველი იცავს ადამიანის უფლებებს და ცხადია, მათ შორის ჟურნალისტის უფლებებსაც, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ეს უფლება ირღვევა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას.

რას აკეთებს ამ დროს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც NGO სექტორში პოზიციონირებს, როგორც უფლებადამცველი?

ეკა გიგაური ამ დროს პერსონალურადაა დაკავებული ჟურნალისტის ბულინგით ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის და უფრო მეტიც, თავის სოციალურ ქსელში, ფართო ასპარეზს აძლევს ადამიანებს იმისთვის, რომ თავს დაესხან და დამცინავი, დამამცირებელი და ცინიკური კომენტარები აკეთონ ჟურნალისტის ფოტოზე, რომელსაც ე.წ უფლებადამცველი ამავე ჟურნალისტის ტელეფონის ნომერთან ერთად აქვეყნებს.

ბულერების რიცხვში მოხალისეებად ჩაწერილთა შორის იყვნენ: ნინო ჟიჟილაშვილი, ეკატერინე მიშველაძე და მაკა ანდრონიკაშვილი.

ბულინგისთვის "შთაგონების წყაროდ" ეკა გიგაურისთვის ჟურნალისტ თეონა გუდაბანძის მიერ პორტალ "რუსთავი 2-ზე" გამოქვეყნებული სტატია გახლდათ სახელწოდებით: აპირებენ თუ არა ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არჩევნებში მონაწილეობას - "რუსთავი 2-ის" გამოკითხვა.

https://rustavi2.ge/ka/news/326966

აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურს სტატიის შინაარსთან, მათ შორის მის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, პრეტენზია არ ჰქონია, მისი სამიზნე ჟურნალისტის "ვოცაპის" ფოტო და ტელეფონის ნომერი გახდა, რომელიც "თვალის ასახვევად" თითქოს გადაშალა, მაგრამ მისი ამოცნობა ნებისმიერ პირს შეუძლია.

უწყებას, რომელსაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროვებაზე რეაგირების მოხდენა ევალება, სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, 6 ოქტომბერს მივმართეთ. საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება ორი კვირის შემდეგაც არ გამოქვეყნებულა. პასუხად იშველიებენ კანონს, რომლის თანახმადაც მათ ორთვიანი ვადა აქვთ.

კანონით დადგენილი ვადების შესახებ, ცხადია, ჩვენც ინფორმირებულები ვართ, თუმცა ორთვიანი ვადა არ გულისხმობს იმას, რომ ის ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტს, მის ბულინგს და მეორე მხარეს დგას პერსონა, რომელსაც პრეტენზია აქვს უფლებადამცველობაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს "რუსთავი 2" რამდენჯერმე დაუკავშირდა. ჩვენი ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ არ გვქონდა პასუხი ორი კვირის შემდეგაც, როდესაც საქმე მხოლოდ ერთ ეპიზოდს ეხებოდა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ერთ "სქრინს", მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღნიშნული "ფეისბუკ-პოსტი" ისევ აქტუალურია ეკა გიგაურის სოციალურ ქსელში და მიუხედავად ჟურნალისტის მითითებისა, რომ მისი პირადი ნომერი მარტივად ამოსაცნობი იყო, ამ უკანასკნელმა ის მაინც არ წაშალა.

ის, რაც ძალიან მარტივად გასაგები აღმოჩნდა სახალხო დამცველისთვის, რომელმაც მეორე დღესვე დაადგინა, რომ ეს იყო ჟურნალისტზე თავდასხმა მისი მოსაზრების გამო და მის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, პერსონალური დაცვის მონაცემთა სამსახურისთვის ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია და როდის დასრულდება, მიმართვიდან ორი კვირის თავზეც არ იციან.

"ეკა გიგაურთან კომუნიკაციის ეტაპზეა საქმე, შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები არის კვლევის პროცესი, როგორც კი დასრულდება და სამსახურის უფროსის მიერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხელმოწერილი გადაწყვეტილება გამოგეგზავნებათ შესაბამისი შედეგებით" - განგვიცხადეს უწყებაში.

შესაძლოა, აღნიშნული პროცესი 2 თვემდე გაიწელოს?

"წინასწარ ვერ გეტყვით კვლევის პროცესში რა შეიძლება გახდეს გამოსაკვლევი, რაიმეზე დამატებითი განმარტებები მისაღები თქვენგან, ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან. განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა არის 2 თვე, თუმცა ზოგადად კანონის საფუძველზე შესაძლოა დასაბუთებული შუამდგომლობით იქნას ერთი თვის ვადით განცხადების განხილვა გაგრძელებული იმასთან მიმართებით, თუ რაიმე კომპლექსური საკითხია და დამატებით კვლევას და შესწავლას საჭიროებს. თუ არ იქნება საჭირო გაგრძელება, 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს, თუმცა, რასაკვირველია შესაძლებელია, 2 თვეზე ნაკლებ დროშიც დასრულდეს თუ კვლევის პროცესი უკვე დასრულებული იქნება".

არის თუ არა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის პრიორიტეტული ისეთი საქმეების მყისიერად განხილვა, სადაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ამას პრევენციული ხასიათი მიეცეს?

"მიღებულია განცხადება განსახილველად, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ განცხადება აკმაყოფილებს სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მიღებულ იქნა განსახილველად. ამის თაობაზე გეცნობათ თქვენ, როგორც განმცხადებელს და აღნიშნული განცხადების განხილვის ფარგლებში მიმდინარეობს ეკა გიგაურის მიერ "ფეისბუკის" მეშვეობით თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა. შესაბამისად, აქ არის გარკვეული ეტაპები, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია, ზოგადად კვლევის პროცესი, დამატებითი განმარტებების მიღება, დათვალიერება და ა.შ. შესაძლოა ძალიან ბევრი პროცესი იყოს საკვლევი, წინასწარ, 2 თვეზე ადრე დასრულდება განხილვა, თუ 2 თვის განმავლობაში ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. შესაბამისად, აქ არის გარკვეული ეტაპები, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია, ზოგადად კვლევის პროცესი, დამატებითი განმარტებების მიღება, დათვალიერება და ა.შ. შესაძლოა ძალიან ბევრი პროცესი იყოს საკვლევი, წინასწარ, 2 თვეზე ადრე დასრულდება განხილვა, თუ 2 თვის განმავლობაში ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ".

რეალურად, მყისიერი რეაგირებაა საჭირო, რადგან შესაძლოა, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს მედიის სხვა წარმომადგენლების შემთხვევაშიც რომ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები.

"ამის თაობაზე უკვე მომხდარია რეაგირება და მიმდინარეობს კვლევა" - განგვიცხადეს უწყებაში.

რაც შეეხება ომბუდსმენს, "რუსთავი 2" მასაც დაუკავშირდა ეკა გიგაურის მიერ განხორციელებულ ბულინგთან დაკავშირებით. ლევან იოსელიანისთვის ცალსახად ფაქტი იყო ის, რომ საქმე გვქონდა ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ თავდასხმაზე.

ბატონო ლევან, როგორც ვიცით, გაქვთ ინფორმაცია ჩვენი ჟურნალისტის, თეონა გუდაბანძის მიერ მომზადებულ სტატიაზე, რომელიც შემდგომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, თავის "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა. ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა გახდა გარკვეულწილად ე.წ. ბულინგის საგანი იმ ადამიანის "ფეისბუკ" კედელზე, რომელიც საკუთარ თავს უფლებადამცველს უწოდებს. აღნიშნულ საკითხზე, გვაინტერესებს როგორია თქვენი შეფასება?

"მე არაერთხელ გამიკეთებია ამის შესახებ განცხადება და ახლაც მინდა გავაკეთო ძალიან ხაზგასმით, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება - ე.წ. ბულინგი, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების, ან მის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო. ეს, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიას ეხება. ვიღაცას მოსწონს ერთი ტელევიზია, ვიღაცას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ჟურნალისტი მუშაობს, მისი მოსაზრებების გამო, მასზე თავდასხმა, ან მის მიმართ სიძულვილის გამოყენება მიუღებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც ჟურნალისტური ეთიკის ნორმებზე, გამოხატვის თავისუფლების საზღვრებზე ვსაუბრობ, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ სიძულვილის ენის გამოყენება არის მიუღებელი, როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო სივრცეში,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

"რუსთავი 2" აქტიურად აგრძელებს აღნიშნულ საქმეზე მუშაობას და როგორც კი პასუხი გვექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, ჩვენს მკითხველს ვაცნობებთ.

 

დღის ამბები