უნიკალური ხელნაწერები და ისტორიული საბუთები - ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ეროვნული არქივის ფონდებში ინახებოდა, საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას ასახავს.
ზუსტად 17 საუკუნის წინ, ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა, რომელმაც ერის სულიერი, კულტურული და სამხელმწიფოებრივი ცხოვრება სამუდამოდ განსაზღვრა.
გამოფენა, რომელიც წმინდანის საქართველოში მოღვაწეობის ეპიზოდებს აცოცხლებს დღეს იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის დირექტორთან ერთად გახსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის ექსპედიციების დროს გადაღებული უნიკალური ფოტო მასალა.
სამეცნიერო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მისი დაფარვის არეალი კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და საზღვარგარეთ მდებარე ისტორიულ ადგილებს მოიცავდა. გადაღებული ფრესკები XI-XVII საუკუნეებით თარიღდება.
ღონისძიების ფარგლებში წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი სპეციალური ბროშურა გამოიცა. წლის ბოლოს იგეგმება ამავე თემაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც, რომელსაც ეროვნული არქივი ამზადებს. ქართლის გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს დაეთმობა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაც.
ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში დღეს გაიხსნა და ის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.