ქართული გენი და ხასიათი ეროვნულ სამოსელში ცოცხლობს, ქვეყნის ისტორიის თანაზიარია. სამოსელში, რომელმაც თაობები გამოიარა, გაზარდა და ეროვნულ მემკვიდრეობად იქცა.
ადრეული შუა საუკუნეების წერილობითი წყარო, სადაც ქართველების ჩაცმულობის შესახებ წავიკითხავდით, არ მოიპოვება. ამიტომაც ხელოვნებათმცოდნეები ეკლესიებში შემონახულ მხატვრობას, ბარელიეფებსა და მინიატურებს საწვლობენ და აკვირდებიან. სამოსის შესახებ წერდნენ გვიანი პერიოდის ქართველი ავტორებიც: ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, პაპუნა ორბელიანი. ტრადიციული სამოსის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან "მზითის წიგნებიც" და მოგზაურების ჩანაწერები. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულიდან სწორედ ამ წყაროებში მოიხსენიებენ მკერვალნი, ჩოხების მკერავები, იგივე დერციკები:
"დერციკებს ჰყავდათ შეგირდები და როდესაც მათ შეასწავლიდნენ ხელობას, მერე ხდებოდა მათი "კურთხევა" ოსტატებად. ფოტოებიც კი არის შემორჩენილი, სადაც სხედან მკერავები და დიდი მაკრატლები აქვთ ქამარში გარჭობილი. მათ მიერ "ნაკურთხი" შეგირდი კი ფეხზე დგას და ხელში ყვავილების თაიგული უჭირავს".
პირველ ცნობებს მონათმფლობელური საქართელოს სამოსის შესახებ ძველი ბერძენი მოგზაურები ქსენოფონტე და სტრაბონი გვაწვდიან. სიმონ ჯანაშია წერს, რომ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის სამოციანი წლების დამდეგს ლაზიკის მეუფე გუბაზი კონსტანტინეპოლში ჩასულა ირანულ ტანისამოსში გამოწყობილი. ჯერ კიდევ ამ პერიოდიდან საზოგადოების ზედა ფენები მეზობელი მმართველი წრეების ჩაცმულობას იზიარებდნენ. იმ დროში ყველაფერი შინ იქმნებოდა. ჩვენი წინაპრები შინ რთავდნენ ძაფს, ქსოვდნენ ქსოვილს, შემდეგ კერავდნენ ისეთ მომნუსხველ სამოსს, რომელიც დღეს ქართული ეთნოკულტურის განუყოფელი ნაწილია. წარმოაჩენს ეროვნულ ხასიათს. ქართველთა ცხოვრების წესსა თუ ტრადიციებისადმი ერთგულებას. ჩვენი წინაპრების ესთეტიკურ ღირებულებებს. ქართლი სამოსის ორნამენტებში, ნაქარგებში, ფერებსა და აქსესუარებში საუკუნოვანი ტრადიცია, ჩვენი წინაპრების ყოფა სუნთქავს, დრომ რომ შემოგვინახა და ჩენამდე მოიტანა. წარსულის მემკვიდრეობაზე ამეტყველებული სამოსი და სამკაული საუკუნეებს ითვლის, საუკუნეებზე გვიყვება.
დამპყრობლებს დროთა განმავლობაში შემოჰქონდათ თავიანთი ჩვეულებანი, ჩაცმულობა, მათ ქვეყანაში მიღებული ტანსაცმლის ფერები, იქაური ქსოვილები და ვარცხნილობაც კი. ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესწავლის საქმეში დიდი როლი აქვს ქართველ მეცნიერს ივ. ჯავახიშვილს. გამოუქვეყნებელ შრომაში "მასალები მატერიალური კულტურის ისტორიისათვის" ის განიხილავს ქართულ ტანსაცმელს მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე. როცა გავლენის სფეროები თურქეთმა და ირანმა გაინაწილა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართული ცხოვრების წესი და ჩაცმულობა. თუმცა, ამ პირობებშიც ქართველები ტრადიციულ ეროვნულ სამოსს მაინც არ ივიწყებენ.
"ერთი ხელი სანამუსო სამოსი ყველა გლეხის ოჯახში ინახებოდაო. ანუ სამოსი გაყოფილია ორ ნაწილად: ე.წ. სახმარი სამოსი, ანუ ყოველდღიური, და სანამუსო, ანუ გარეთ გასასვლელი. ეს რაც შეეხება დაბალ სოციალურ ფენას. ნორმალური ჩოხა და ახალუხი ყველა გლეხის ოჯახშიც კი უნდა ყოფილიყო".
ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩაცმულოვას სეზონიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ტრადიციული ჩახმულობა ქალებისათვის გრძელკაბაა, მამაკაცებისათვის კი ჩოხა-ახალუხი.
მთისა და ბარის სამოსი ხეთებთან და მიდიელებთანაც იყო დაკავშირებული. მაგალითად, ხევსურული სამოსი ძალიან ჰგავდა უძველეს ხეთების სამოსელს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ხევსურულ ჩახმულობას კავკასიის მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება". ხევსური მამაკაცის ტრადიციული კოსტიუმი "ტალავარი" შინ ნაქსოვი ტოლისაგან მზადდებოდა. იგი კვართისებური პერანგის, ჩოხისა და მოკლე შარვლისაგან შედგებოდა. ქალის ტალავარის მთავარი ელემენტი იყო "სადიაცო" კაბა და "ფაფანაგი" ან "ქოქლო". ყველაზე ძველი –მე–19 საუკუნის დასაწყისის ხევსური მამაკაცის პერანგია შემორჩენილი.
ფშავური სამოსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო გარედან მოსაცმელი ჯუბა.
თუშები კი ტანსაცმელს თავიანთი ნაწარმი შალისაგან ამზადებდნენ. ორივე სქესის საყვარელი ფერი შავი და ლურჯია.
სვანი კაცის ჩაცმულობის ერთ–ერთი ყველაზე დამახასიათებელი ატრიბუტი სვანური ქუდია. სვანური ქუდი სამი ფერისაა. ეს მისი კიდევ ერთი საიდუმლოებაა. შავი ფერი-ქვესკნელი ანუ გარდაცვალებულთა სულები, თეთრი-ზესკნელი ანუ ანგელოზები, წმინდანები, ნაცრისფერი ანუ წუთისოფელი, რომლის მკვიდრიც ცოცხალი ადამიანები არიან. ცოდნას ფერთა მნიშვნელობის შესახებ მოიცავს თეთრი და შავი, ხოლო მათი შერევა ნაცრისფერს გვაძლევს, რომელიც ერისკაცის თავსაბურავია ნიშნად იმისა, რომ იგი ფლობს ცოდნას ქვესკნელისა (შავისა) და ზესკნელისა (თეთრისა), ამიტომ ნაცრისფერი ქუდი შეიძლება დაიხუროს საერო მოძღვარმა, შავი ქუდი კი ბერმა. ქალის კაბა კი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - "ჟიბე ტან" (ზედა) და "ჩუბე ტან" (ქვედა).
აჭარასა და გურიაში გავრცელებული სამამაკაცო ტანისამოსიც, რომლის ფორმაც ზღვაოსნობით იყო განპირობებული. ამ კომპლექსს "ჩაქურა" ერქვა. სარტყელში გარჭობილი ჰქონდათ ფიშტო, მოკლე სატევარი და ჩამოკიდებული იყო თოფის წამლის საზომი (ყანთაქილა), საქონე და მათარა.
ამ ჩაცმულობას სრულ სახეს აძლევდა თავსაბურავი ყაბალახი და ტყავის ფეხსაცმელი. გურული ქალის სამოსელში არსებულ მოკლე ზედატანს სწორედ აჭარულ-გურული "ზუბუნადან" მომდინარედ მიიჩნევენ.
ქალის ქათიბი მანდილოსნის ზამთრის ძვირფასი სამოსია, რომელიც უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ქათიბისათვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ხავერდი, სარჩულად კი – აბრემუში ან ბეწვი.
ქალის ქათიბი მანდილოსნის ზამთრის ძვირფასი სამოსია, რომელიც უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ქათიბისათვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ხავერდი, სარჩულად კი – აბრემუში ან ბეწვი.
ნაბადი მოთელილი მატყლისგან დამზადებული, წინ გახსნილი და უსახელო წამოსასხამია მთლიანი ზურგითა და განიერი კალთებით. ის მხედრის აუცილებელი სამოსი იყო, რომელიც მას და ცენსაც წვიმისგან იცავდა.
ქართული ეროვნული სამოსის ჩანაცვლება ევროპული კოსტიუმით მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. ტფილისში უპირატესობა ენიჭებოდა ფრანგულ მოდას და, შესაბამისად, ფრანგულ საქონელს. მეცხრამეტე საუკუნეში კაცებმა ჩაიცვეს ფრაკი, სერთუკი, სმოკინგი, თეთრი პერანგი და წელში გამოყვანილი შარვალი. აქსესუართაგან კი აუცილებელი იყო ხელთათმანი, ქოლგა, ხელჯოხი.
ტფილისის ე. წ. ევროპულ ნაწილში, გოლოვინის პროსპექტზე, გაჩნდა რუსული და ევროპული ტანსაცმლის მაღაზიები და სალონები. ჩამოიყვანეს ევროპული სამოსის სპეციალისტები, დახლებზე იყიდებოდა მაღალი ხარისხისა და ძვირადღირებული ევროპული შესამოსელი. რაც შეეხება ქალებს, მათ ევროპულად შემოსვა ფეხსაცმლიდან დაიწყეს. ამ დროშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ქართული ტრადიციული სამოსით იმოსებოდა.
უწინ საუკეთესო ჩოხა აქლემის ბეწვისგან იქმნებოდა, ქალების ჩაცმულობა მამაკაცებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო როგორც ფერით, ისე ნაქარგობით. თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელოვა ენიჭებოდა. ბავშვების ჩაცმულობა განსხვავდებოდა უფროსების ჩაცმულობისგან. ბავშვის ჩოხას ხანჯალიც კი ჰქონდა, მათ თავდაცვას ბავშვშვობიდან ასწავლიდნენ.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, ქართული სამოსის კომპლექტში მკვიდდრდება კაბის სახეობა ჩოხა, რომელმაც გულისპირზე დაკერებული ქილების წყალობით განსაკუთრებული ორიგინალობა შეიძინა და საქართველოშიც მალევე გავრცელდა. იქმნებოდა კავკასიაში ცეცხლსასროლი მასალის განვითარებასთან ერთად. ჩოხაში გამოწყობილ ადამიანს დენთიც და ტყვიაც მუდამ თან ჰქონდა. ის ქართულ კაბასთან შედარებით, უფრო იაფი და ხელმისაწვდომიც იყო.
ნემსი და ძაფი ჩვენმა წინაპრებმა ხელში 34 000 წლის წინ რომ აიღეს ამას არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი არტეფატებიც ადასტურებს. ზემო იმერეთში მიაკვლიეს სელის ბოჭკოს პირველ ნაშთებსაც, დროთა განმავლობაში იცვლებოდა ქსოვილები, რომლითაც ქართული სამოსი იკერებოდა. იყენებდნენ ტილოს ჯვალოს რომ ეძახდნენ. შემდეგ შალსა და აბრეშუმს.
ჩვენი წინაპრების სამოს მუდამ ამშვენებდა უნიკალური სამკაულიც. ხშირად ვერცხლის, ოქროს,სპილენძის ნაკეთობებს ტანისამოსზეც ამაგრებდნენ. ყველა კუთხეს თავისი ორიგინალური ორნამენტი ამშვენებდა. ის ხშირად სტატუსის განმსაზღვრელიც კი იყო. მაგალითად, ქალბატონს სამოსზე რაც უფრო დატვირთული სმკაული ეკეთა, მით უფრო მაღალ ფენაზე მინიშნებდა.
ხელოვნებათმცოდნეები საუკუნეების წინ შექმნილი სამკაულების დამზადების ტექნოლოგიას ახლაც სწავლობენ. აკვირდებიან არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებსა და ეკლესიებში შემონახულ უძველეს ფრესკებს.
ქართული სამოსისა და სამკაულის ტრადიცია თანამედროვეობაში დღესაც ცოცხლდება, დღესაც იკერება ჩოხები, დღესაც იქმნება ისეთივე სამკაულები, როგორებიც ჩვენს წინაპრებს ამშვენებდა. ჩვენი კულტურის ცოცხალი მემკვიდრეობა დღემდე გვიყვება ქართველი ხალხის საუკუნოვანი ისტრიას.
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:
https://ka.wikipedia.org/wiki ;
გამოყენებული ლიტერატურა:
ბატონიშვილი ვახუშტი . "აღწერა სამეფოსა და საქართველოსა" (საქ. გეოგრაფია).
მოგზაურ ჟან შარდენის ჩანაწერები