02 აგვისტო 2026,   18:32
ვრცლად
ეროვნული გალერეა გამოჩენილი ქართველი მხატვრის ოთარ სულავას საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს

ხატვის ტექნიკას ისეთ ხელოვანთან დაეუფლა, როგორიც ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოსე თოიძე იყო, ამის შემდეგ კი საყვარელ საქმიანობას ნახევარი საუკუნე მიუძღვნა.

ეროვნული გალერეა გამოჩენილი ქართველი მხატვრის ოთარ სულავას საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს, რომელშიც წარმოდგენილია მხატვრის 100-მდე ნამუშევარი. ოთარ სულავა იმ ფერმწერთა თაობას მიეკუთვნება, ვინც საბჭოთა ცენზურის მიუხედავად, ნაწილობრივ მაინც შეძლო თავი დაეღწია სოციალიზმის მკაცრი ჩარჩოებისთვის და ხელოვნება ცოცხალი რეალობის ასახვისკენ მიმართა.

ფერი და ფორმა ოთარ სულავას შემოქმედების ძირითადი ენაა - მან დრო, ეპოქა და ადამიანები ტილოზე გააცოცხლა. უნიკალური პორტრეტები, სილუეტები და ისტორიული პეიზაჟები - 50-იანი წლებიდან დაწყებული შემოქმედებითი გზა ნახევარი საუკუნე გაგრძელდა, რომელიც ასობით ტილოს აერთიანებს და მრავალ ჟანრს მოიცავს.

ინდუსტრიული პეიზაჟები. საბჭოთა ყოფის ამსახველი დიდი ფორმატის კომპოზიციები, რომელიც ეპოქის სულს ზუსტად გამოხატავს. ოთარ სულავას შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი 60-იანი წლების ფერწერაა, როდესაც სოცრეალიზმის დიქტატის პირობებში მხატვარმა ღირებული ხელოვნების შექმნა მოახერხა.

სიცოცხლის ბოლო წლებში კამერული ტიპის კომპოზიციების სახით ხელოვანი ახალ და მნიშვნელოვან ფურცელს ქმნის. ამ ხაზს მის პირველ პერსონალურ გამოფენაზეც განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ოჯახის კოლექციებიდან არის.

ეროვნულ გალერეაში გამოფენა ხვალ გაიხსნება და ის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები