განათლების სისტემურ რეფორმას ალტერნატივა არ აქვს, ამ თემაზე სასაუბროდ კი დიალოგის კარი ყველასთვის ღიაა - პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ამ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ქართველი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში დღეს სათანადო განათლებას ვერ იღებენ, ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ რეალობის შეცვლაა მთავრობის ობიექტური ინტერესიც.
განათლების სისტემა რომ რეფორმას საჭიროებს, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა როგორ მოხდება ორი უნივერსიტეტის გაერთიანება - სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტები წარმომადგენლებმა განათლების მინისტრთან შეხვედრის დროს. მხარეებმა პოზიციები გაცვალეს და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
განათლების მინისტრმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესთავაზა, ჩამოყალიბდეს დროებითი მმართველი ორგანო, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების პერსპექტივაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში იმსჯელებს. გივი მიქანაძის განცხადებით, გამოითქვა ინიციატივა, რეორგანიზაციის დაწყებამდე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
ოპოზიცია განათლების რეფორმის საჭიროებას ხედავს, თუმცა არა ამ ფორმით. ხელისუფლების ოპონენტები ტრადიციულად მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ორი უნივერსიტეტის შერწყმა განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.
ძლიერი განათლება ძლიერი მომავალი - მმართველი გუნდის თქმით, რეფორმის კონცეფციის შემუშავებას წინ არაერთი კვლევა უძღოდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ღირსეული განათლების უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით რეგიონში ახალი განათლების ცენტრის შექმნაა.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა სამი მოსმენით კენჭი უკვე უყარა. პროცესებმა ახლა განათლების სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც შეხვედრები გრძელდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე