თინათინ სარალიძე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება უკანონო მშენებლობების მონიტორინგი და ახლადაშენებული კორპუსების ინსპექტირებაა. იმის გათვალისწინებით, რომ საჭეს ხშირად თავადაც მართავს, ამბობს, რომ თანამედროვე ტრანსპორტი მის მუშაობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ავტოპარკი სრულად განახლდა. მოძველებული და მაღალხარჯიანი ტრანსპორტი ახალი, ეკონომიური მოდელებით ჩანაცვლდა. „ტოიოტას“ მარკის 50 ახალი ავტომობილი საზოგადოებას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარუდგინა.
მუნიციპალური ინსპექციის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულებაც. მოტოინსპექცია, რომელიც რთულად მისადგომ ადგილებში უფრო სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. სამსახურმა უკვე შეიძინა 20 ერთეული ტრიციკლი. განახლებული ავტოპარკის მიზანი, დედაქალაქის ყველა უბანში ურბანული წესრიგის დაცვაა. მათ შორის, სატყეო და რეკრეაციულ ზონებში.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დედაქალაქში მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ეს მოიცავს სამშენებლო უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, უკანონო ვაჭრობასა და ხმაურის რეგულირებას. სამსახური ასევე პასუხისმგებელია დარღვევების გამოვლენასა და კანონით გათვალისწინებული სანქციების დაკისრებაზე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, გარემოს დაბინძურების აღკვეთა თუ ხმაურის კონტროლი - ახალი ავტოპარკით ინსპექციის თანამშრომლები ისარგებლებენ. მათთვის ახალი ავტომობილები მხოლოდ კომფორტი არ არის. ეს პირდაპირ კავშირშია, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებენ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე რეაგირებას.
ავტორი: ირაკლი კოშაძე