08 ივნისი 2026,   12:29
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება - შალვა პაპუაშვილი

ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, 11 ივნისს საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ტექნიკური დონის შეხვედრა იგეგმება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. როგორც ჩვენ ვთქვით, ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები. სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები