ნიკოლ ფაშინიანს წარმატებას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ახალი დინამიკა, რომელიც რეგიონში არსებობს, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის დიალოგი.
"რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე მოლაპარაკებები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული, ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად რეგიონში. ეს, თავის მხრივ, წაადგება თითოეული ქვეყნის, სახელმწიფოსა და ერის კეთილდღეობას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.