08 ივნისი 2026,   13:30
ვრცლად
ოპოზიციის ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი სამშობლოს ღალატობს - შალვა პაპუაშვილი

პარტიები როდესაც ამოვარდნილი არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან და გადაქცეულნი არასისტემურ ჯგუფებად, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესის წარმოებაა, რათა ყველაფერი იმ სამართლებრივ პოლიტიკურ სივრცეში მოექცეს, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, "ოპოზიციის ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი სამშობლოს ღალატობს".

"ეს აურზაური სულ იქნება, ვიდრე შევეგუებით, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუციის მტერი პარტიები. მთავარი, ვისაც ე.წ ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი ღალატობს, არის საქართველო. სამშობლოს როცა უღალატებ, მაშინ ერთმანეთის ღალატი თუ ერთმანეთთან ჩხუბი, დავიდარაბა მეჩვიდმეტეხარისხოვანია. "ნაცმოძრაობის" ალიანსს მთავარი პრობლემა აქვს ის, რომ საკუთარ ქვეყანას ღალატობენ", – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია უცხოელების სიმპათიის, ხმების, ფულის მოსაპოვებლად იბრძვის.

"ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის სიმპათიის და ხმების მოსაპოვებლად, არამედ უცხოელების სიმპათიის, ხმების, ფულის მოსაპოვებლად. ეს ქვეყანა პატარაა და არც ერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა შეხვედრაზე, საელჩოებში და უცხოელებთან შეხვედრაზე, როგორ იხვეწებიან, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა დაფინანსება მიიღონ. ეს არის ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის. მათ პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს და ვიცით, რა პირობებს აძლევენ – ხელისუფლებაში თუ მოვლენ, რომელ ქვეყანას და რომელ ჯგუფს რას დაუთმობენ. რასაც ვაკვირდებით, ეს არის ქვეყნის გაყიდვა პირდაპირ ეთერში. ყოველი ამ ქვეყნის დროშის აფრიალებას თავისი ფასი აქვს – ანაზღაურება. ყოველი უცხოელი პოლიტიკოსის ბანერის დაჭერისას და ყოველი უცხო ქვეყნის, მისი ხელისუფლების დიდებაში ამაში თავის ანაზღაურებას იღებენ. ეს არის ბრძოლა უცხოური ფულისთვის. უცხო ქვეყნებს, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ და საქართველოში ფარულად ხარჯავდნენ ფულს პოლიტიკაში, დღეს ეს შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ როგორც საკანონმდებლო, ისე მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების შედეგად. ამიტომაც არის გაერთიანებული ფრონტი საქართველოს წინააღმდეგ – ერთი მხრივ, ევროკავშირის მხრიდან მუქარა, რომ ეს კანონები შეიცვალოს, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, კვლავ ფარულად აფინანსონ პოლიტიკა, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები