ოპოზიციური ალიანსი დაიშალა. ალიანსის დაშლას ამჯერად ნიკა გვარამია ადასტურებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, პარტია "ახალის" ლიდერი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსის ფიგურანტი ისედაც არ არის, არც სამუშაო პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მას გარიცხვა არც სჭირდება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტს, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ცალკეული ლიდერები თავად ცდილობენ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას.
ვიდეოს ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს სიცრუეში და ამტკიცებს, რომ პარტია ალიანსში აღარ არის.
"გვკიდია მიშა. ერთადერთი რაც გვინდა არის ის, რომ თავი დაგვანებოს. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ "ნაცები" ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. სიმართლე არის ეგ, რომ "ნაცები" არ არიან ალიანსში.
უჩემოდ არაფერი გამოვაო - უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა შენ რომ მაოხრებელი არ ყოფილიყავი. იმდენად ყარს ეს ყველაფერი, რომ შეუძლებელია ძალიან მალე არ ჩაირეცხოს. ასე, რომ გადავჯეგავთ მავნებლებს. მიშა არის ავტომატურად გარეთ, ისე, რომ ხელი არ გაგვინძრევია არცერთს და არც გავანძრევთ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.