10 ივნისი 2026,   18:24
ვრცლად
"მათ უდავოდ მიიჩნიეს ყველა მტკიცებულება, სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება" - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე გათავისუფლებულ პირებზე

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი თავისუფალია. მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორი ლაშა ცქვიტარია ამბობს, რომ საქმეზე უმთავრესი მტკიცებულებები იყო სწორედ ის ვიდეომასალა, რომელიც დაერთო სისხლის საქმეს, მათ შორის, ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემული ვიდეომასალა. 

"აღნიშნული განაჩენის მიხედვით, 8 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის, კერძოდ კი პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად, ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად, რის შემდეგაც რვავე მათგანი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რაც შეეხება მტკიცებულებებს; საქმეზე უმთავრესი მტკიცებულებები გახლდათ სწორედ ის ვიდეომასალა, რომელიც დაერთო სისხლის საქმეს - მათ შორის, თქვენ მიერ, ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემული ვიდეომასალა. გარდა ამისა, საქმეს ერთვის ინფორმაცია, რომელიც შექმნილი და გადაღებული იქნა შსს-ს პრესსამსახურის მიერ, სადაც დეტალურად იქნა ასახული 64-ვე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება. მათ უდავოდ მიიჩნიეს ყველა მტკიცებულება, სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება," - აცხადებს ლაშა ცქვიტარია.

სასამართლოში ამ წუთებში კიდევ 6 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობას ედავება.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები