11 ივნისი 2026,   13:21
ვრცლად
არასდროს მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, უფლებამოსილება ამომეწურება რამდენიმე დღეში - ანა წითლიძე პარტიაში დაანონსებულ რეფორმებზე

"ნაციონალების" და ყოფილი "ნაციონალების" ალიანსის დაშლის ფონზე, დაიშლება თუ არა "ნაციონალური მოძრაობაც" - არ არის გამორიცხული პარტია მისმა არაერთმა წევრმა დატოვოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც პარტიაში რადიკალური ცვლილებები დააანონსა, დღეს ანა წითლიძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრებს უფლებამოსილება ეწურებათ, შესაბამისად, ვინ დარჩება გუნდში, ივნისის ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე გაირკვევა.

"ალიანსთან დაკავშირებით რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი ვთქვი, არაერთხელ. ვართ ალიანსში, ჯერჯერობით, არ ვაპირებთ არსად წასვლას. არასდროს მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და მის საქმიანობაზე მისი რეიტინგი მეტყველებს.

როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, უფლებამოსილება ამომეწურება რამდენიმე დღეში, შესაბამისად, ყველას - პოლიტიკურ საბჭოს, გენერალურ მდივანს, თავმჯდომარეს, აღმასრულებელ მდივანს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ყველას ეწურება უფლებამოსილება. ვინ იქნება და ვინ არ იქნება, ეს უნდა გადაწყვიტოს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველმა, პოლიტსაბჭოზე და ყრილობაზე იქნება განხილული. შეიძლება ჩემი უფლებამოსილება რომელიმე ჩემმა თანამებრძოლმა გადაიბაროს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პარტიის რეფორმირებისთვის საჭიროა "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ნანუკა ჟორჟოლიანი შეუერთდეს. მწვავე ბრალდებების და დაპირისპირების ფონზე, ოპოზიციურ კოალიციაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე გადაადგილებები მათთვის საინტერესო არ არის.

დღის ამბები