კიევის მოკავშირეებს სურთ, რომ შეერთებული შტატები მათ სტრატეგიას შეუერთდეს, რომელიც რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას ითვალისწინებს. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეთანხმება თუ არა ამ მიდგომას ტრამპი, - წერს გამოცემა POLITICO.
კიევის მოკავშირეები ცდილობენ, თავიდან აიცილონ დაძაბულობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან G7-ის სამიტზე, რადგან ირანის კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, იგი კვლავ რუსეთ-უკრაინის ომზე ამახვილებს ყურადღებას.
„საფრანგეთში ჩასული ტრამპი ჟურნალისტებთან ღიმილით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველაფერი „მშვენივრადაა“, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მეგობრულ შეხვედრაზე გაემართა.
შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს, მთელი ყურადღება უკრაინაში ომის დასრულებაზე გადაიტანოს, რომლის დასრულებასაც 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლებაში მოსვლიდან 24 საათში ჰპირდებოდა ამომრჩევლებს,” – წერს გამოცემა და ტრამპის სიტყვებს ციტირებს, რომლის განცხადებითაც, „ყოველთვიურად 25 ათასი ადამიანი იღუპება, უმეტესად ჯარისკაცები. ეს არ უნდა ხდებოდეს.“
POLITICO-ს თანახმად, ტრამპის სიტყვები ევროპაში უკრაინის მთავარი მოკავშირეებისთვის დამამშვიდებელი არ ყოფილა. კულისებს მიღმა, ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელსაც ირანის კრიზისის ყოველდღიური მართვა აღარ უწევს, შესაძლოა, კვლავ სცადოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის სადავეების საკუთარ ხელში აღება და ევროპელი მოკავშირეების გვერდზე გაწევა, ასევე, მათი სტრატეგიის ჩაშლა, რომელიც რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისა და უკრაინის სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას ეფუძნება.
„ის, რომ ტრამპი სხვა საკითხებით იყო დაკავებული, სულაც არ იყო ცუდი“ - განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვით, ვინაიდან, საჯაროდ კომენტარის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.
კითხვა, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში ომი, სამშაბათს კვლავ დღის წესრიგის ცენტრში მოექცევა, როდესაც ტრამპი და G7-ის სხვა ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გამართავენ.