გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ახალი გენერალური მდივანი მიმდინარე წელს საქართველოს ვიზიტით ეწვევა. აღნიშნული ცნობილი გახდა შეიხა ალ ნუვაისისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეხვედრაზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და UN Tourism - ს შორის მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა, ასევე მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ტურისტული სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
შაიხა ალ ნუვაისმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ტურიზმის სფეროში მიღწეული პროგრესი და გამოთქვა მზადყოფნა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი დაესწნენ.