16 ივნისი 2026,   17:31
ვრცლად
ამაზე ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში - შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე

"ვფიქრობ, რომ ახლა დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს. 

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადებას რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

"ვფიქრობ, ეს ის ღია საიდუმლო იყო, რომელსაც საბოლოო ჯამში, ფარდა თავადვე ახადეს. კანდიდატ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოსაც უყურებენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებსა და ერს, რომელსაც თანასწორად არ განიხილავენ. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულებაა ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ. რომ ჩავხედოთ ევროკავშირთან ურთიერთობების მთელ ისტორიას, ეს იყო პროცესი, როდესაც ჩვენ ვილტვოდით ინტეგრაციისკენ და სხვადასხვა ფორმატს იგონებდნენ იმისთვის, რომ თან შორიახლოს ვყოლოდით, მაგრამ წევრი არ გავმხდარიყავით.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუკი რომელიმე კანდიდატი ქვეყანა გახდება წევრი, მას ექნება ყველა ვალდებულება, რაც კი აქვს წევრს, მაგრამ არ ექნება თანასწორი უფლებები. არ ვიცი, ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ შეიძლება მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდეს, რომ შეიძლება ევროკავშირის წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან წევრებად დაანაწევრო და 21-ე საუკუნეში პირდაპირ ევროკომისრის პირიდან გვესმოდეს ორუელისეული მიდგომა, რომ ყველა თანასწორია, თუმცა ზოგიერთი უფრო თანასწორი. იმედი მაქვს, რომ ეს განხილვები შეწყდება და მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ახლა დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით.

კავშირი ასეთი გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით, თავად სცდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს თანასწორობას მისი წევრებისა და გულისხმობს, რომ არსებობენ პირველხარისხოვანი ერები და მეორეხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არც ჩვენ, არც უკრაინელები [არ ვაპირებთ] და უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე განაცხადა კატეგორიული პოზიცია, რომ მეორეხარისხოვნად ყოფნას არ აპირებს ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს, ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები