რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა დასრულდა - "წარმოადგინე შენი ქალაქი" საკრებულოს იმიტირებული სხდომით დაიხურა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები შესაბამისი წესების დაცვით აირჩიეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიმართა, მადლობა გადაუხადა და ქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თქვენი აქტიურობის, ინტერესისა და ჩართულობის ხილვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
დღეს, როდესაც პროექტის მიმდინარეობას ვაჯამებთ, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანით ძალიან ბევრი აქტიური, ჭკვიანი და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომლებსაც უყვართ თავისი ქალაქი და გულწრფელად ზრუნავენ მის განვითარებაზე. ჩვენი მიზანიც ეს იყო - გქონოდათ ბევრი ინფორმაცია, ახლოდან გენახათ ქრონოლოგია როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და როგორ ვითარდება ქალაქი. რაც ყველაზე მთავარია გაგეგოთ, რომ თქვენი აზრი ამ პროცესში მნიშვნელოვანია", - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.
პროექტის დახურვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, საკრებულოს აპარატის და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა - მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკას და აპარატის სტრუქტურას. შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს და დაესწრნენ საკრებულოსა და კომისიის სხდომებს.
პროგრამა "წარმოადგინე შენი ქალაქი" რუსთავის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი სტუდენტური სტაჟირების პროექტია. მისი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობაა - უკვე მიმდინარეობს პროექტის შემდეგი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები.