შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო აქვეყნებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე "მდმა", ნახევარ კილოგრამამდე "ალფა პვპ" და "მეფედრონი", "კოკაინი", "მეტადონი", "ლსდ" და "კეტამინი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.