რასა იუკნევიჩიანეს ხელმძღვანელობით, საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ, ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში საქართველოსთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნილი რეფორმების გარეშე საქართველოს და თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი ვერ ექნება.
ევროპარლამენტი პროგრესულად აფასებს უკრაინისა და მოლდოვის მიღწევებს, რაც ქართული ოცნების შეფასებით, უსამართლო დამოკიდებულების და ორმაგი სტანდარტის ნათელი დასტურია.
მმართველ გუნდში გაიხსენეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინდექსები, სადაც საქართველო ყველა კრიტერიუმით ლიდერია.
"როდესაც ყველა რეიტინგით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და ამას არ ითვალისწინებენ, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა.
უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ვურჩევდი, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემებზე ისაუბრონ. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა - ყველაზე უფრო ავტორიტეტული, დასავლური ორგანიზაციების კვლევებიც კი ამაზე მეტყველებს - რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ. ეს ყველაფერი სასაცილოა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები ქალბატონი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს ეყრდნობა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ქალბატონი რასა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და საბჭოური მენტალიტეტის ქალბატონია, რომელმაც ჩვენს მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს ინფექცია უწოდა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.