თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით და დაინტერესდა, რატომ გაააქტიურა ოპოზიციის წარმომადგენელმა ეს თემა, როდესაც უკვე ყველა კითხვას სათანადო პასუხი გაეცა. გურამ ნიკოლაშვილმა Eagle Hills-ის პროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის კრიტიკა გაუგებარია.
„მინდა ოპოზიციას მივმართო: თქვენთვის ცნობილია ალბათ, რომ Eagle Hills-ის პროექტი არ ხორციელდება მხოლოდ კრწანისის ტყე-პარკში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, მწვანე ზონაა. კრწანისის ტყე-პარკი 200 ჰექტარია, პროექტის არეალი კი - 630 ჰექტარი, ის მდინარის ორივე მხარეს მოიცავს. იგეგმება არა მხოლოდ მშენებლობა, არამედ გამწვანებაც. ხელშეკრულების დეტალებიც ცნობილია და პროექტისაც. თითქოს ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ეს ყბადაღებული „არაბული ქალაქების“ თემაც გაქარწყლდა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა ისევ ამ საკითხის წამოწევა ოპოზიციის მხრიდან.
ერთი კითხვა მიჩნდება: მხოლოდ კრწანისზე რატომ აკეთებთ გაცხადებას? თქვენ ხომ იცით, რომ Eagle Hills-ის პროექტი ეხება გონიოსაც, იქ რამე განსხვავებული კეთდება? შეგიძლიათ მითხრათ, რა სხვაობაა ამ პროექტსა და ნებისმიერ სხვა დეველოპერულ პროექტს შორის? როდესაც მსხვილი პროექტი კეთდება თბილისში - და არაერთი ასეთი პროექტია - იქ თავისუფალია გაყიდვები და იქაც ასეთივე პროპორციით იყიდება ბინები. ამავე დროს, თქვენთვის ცნობილია, რომ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. მაჩვენებლებიც იყო გამოტანილი და ცნობილია, რომ ნახევარზე მეტი ბინები საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს.
მე მესმის, რომ თქვენ ამ განცხადებებს თქვენი აუდიტორიისთვის აკეთებთ. უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია, თავიდან რატომ გაააქტიურეთ ეს საკითხი და რატომ არაფერს ამბობთ გონიოზე?“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.