თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგი არის წარმოუდგენელი, პარტიის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, და რებრენდინგი მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია.
როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აჩვენებს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია ოპოზიციაში.
"ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც ცხრა წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან.
ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, ეს წარმოუდგენელია. ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და პიარულად შეფუთული ქმედებები, თუმცა რეალობაში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა" და რით იყო დაკავებული წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნისას.
როდესაც გაქვს იმის პრეტენზია, რომ იყო პოლიტიკაში, წარმოუდგენელია, გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რა დამოკიდებულებაც მათ ჰქონდათ. დღეს ისინი აჩვენებენ იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება. აი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა კახა კალაძემ.