თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარე ძალები საქართველოში მიმდინარე პროცესებს მიზანმიმართულად მართავენ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი საკუთარ დავალებებსა და ძალადობრივ ქმედებებს გაემიჯნებიან.
პოლიტიკური ოჯახის, "ალდეს" დუმილსა და პარტია "ლელოს" წახალისებაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.
"რაც შეეხება ალდეს - მე იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ისინი ვიღაცებს გაემიჯნებიან, კონკრეტულად ამ შემთხვევაში "ლელოს", რადგან როცა ვაკვირდებით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, როცა ვსაუბრობთ გარე ძალებზე, რა თქმა უნდა, ეს პროცესები გარედან იმართება, გარედან აძლევენ დავალებებს და ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან - პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც, როგორც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს, როგორ ახალისებდნენ და პირიქით, ხელშეწყობა და დაფინანსება ხდებოდა ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი პარტია "ლელოს" ევროპულ პოლიტიკურ პარტნიორს, "ალდეს" დუმილის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო აქტორები ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდადებული ალეკო ელისაშვილის ქმედებებსა და ოპოზიციის მხრიდან დანაშაულის რომანტიზებას არ გმობენ.