სამ პირს პატიმრობა, ერთს გირაო - შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების მსურველებისთვის ყალბი საბუთების დამზადების ფაქტზე დაკავებული ოთხი ადამიანისთვის სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიება განსაზღვრა.
გამოძიებით, რომელიც ამერიკის საელჩოსთან ერთად ჩატარდა, დგინდება, რომ ჯგუფის წევრები მოქალაქეებს საქართველოში არარსებული დევნის ისტორიებს უწერდნენ - სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას ართმევდნენ. ამოღებულია რამდენიმე ასეული ადამიანის ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები. ანალოგიური დანაშაულებრივი ორი ჯგუფი სამართალდამცველებმა ამერიკის საელჩოს დახმარებით ივნისის დასაწყისშიც დააკავეს.
"აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, დღევანდელი მოცემულობით სამომავლოდ თანამშრომლობის კუთხით გვაქვს გარკვეული შეთავაზებები და ალბათ აღკვეთ ღონისძიების სახით შეცვლასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენ შუამდგომლობა", - აცხადებს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.
პროკურორ მარიამ გიგაურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა – სამი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო ერთ ბრალდებულს გირაო შეუფარდა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სამი ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ, რომლის მიმართაც გირაოს განსაზღვრას ითხოვდა ბრალდების მხარე, აღნიშნული დააკმაყოფილა. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, აღნიშნულ საქმეზე ჩაინიშნა წინა სასამართლო სხდომის თარიღი და გამოძიების დასრულების შემდგომ საქმე წარიმართება სასამართლოში", - აცხადებს პროკურორი მარიამ გიგაური.