19 ივლისი 2026,   00:09
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, ეკონომიკური სარგებელი, ტურისტული ნაკადების ზრდა და ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავება - თბილისი-შანხაი პირველი პირდაპირი რეისი

სამყარო უზარმაზარ კალეიდოსკოპს ჰგავს. ამ ფერად მოზაიკაში კი მუდმივად ისეთ წერტილს ვეძებთ, რომელიც მეხსიერებაში სამუდამოდ დაგვრჩება. ჩვენ სამოგზაურო რუკაზე შანხაის ვნიშნავთ და მის რიტმს ფეხდაფეხ მივყვებით. და თუ ქალაქებს ნამდვილად აქვთ საკუთარი გულისცემა, ეს მეგაპოლისი ერთდროულად ორი რიტმით ცხოვრობს. წარსულისა და მომავლის ამ გზაჯვარედინზე, შანხაის გაცნობას მისი ისტორიით ვიწყებთ.

საუკუნეების წინანდელი ხმა აქ დღემდე და ყველაზე კარგად ისმის. ვიწრო არხები, ნავების მშვიდი ცურვა, ისტორიით სავსე ქუჩები, ხიდები, წყლის პირას ჩამწკრივებული ძველი ქვის სახლები, რომლებიც წარსულის პატარა ბასტიონებივით დღემდე დგანან და საუკუნეებს შორის უხილავ კავშირს ინარჩუნებენ. ეს უძველესი ქალაქი ჟუჯიაძიაოა, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმიდან მოდის, მისი განვითარების ხანა კი მინგისა და ცინის დინასტიებს უკავშირდება  დროს, როცა წყალი მთავარი სასიცოცხლო გზა იყო, ეს პატარა დასახლება კი დიდ სავაჭრო კვანძად იქცა.

ერთ დროს ცხოვრების მთავარი გზები, დღეს უკვე ტურისტული მარშრუტებია. შანხაის კულტურული სიმბოლოს სანახავად აქ ათასობით ტურისტი მოდის. მათ წარსულში, წარსულის გზებითვე ის ადამიანები ამოგზაურებენ, რომლებიც საუკუნეების წინ დაწყებულ ყოველდღიურობას დღესაც აგრძელებენ.

არხებიდან წამოსული საუკუნეების სუნთქვა შანხაის გულშიც იგრძნობა  იუ გარდენი. "სიმშვიდის ბაღმა" შანხაის ისტორია დროს არ დაუთმო და ძველი ჩინეთის სიმბოლოდ დარჩა, იმ ყვავილივით ერთგულად, მიტოვებული სახლის ეზოში ყოველ გაზაფხულზე ჯიუტად რომ ამოდის. მეთექვსმეტე საუკუნეში პან იუნდუანმა თავისი მშობლებისთვის სიმშვიდისა და ბედნიერების ბაღი გააშენა. ჩინელი მაღალჩინოსანი, ალბათ, მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მშობლებისთვის საჩუქარი, წლების შემდეგ მთელი ქვეყნისთვის ისტორიის იმ ფურცლად იქცეოდა, რომელიც საფუძველს ცათამბჯენების ქალაქს ჩაუყრიდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ადგილს ომებმა და თანამედროვეობამ კვალი მაინც ვერ დაატყო. დღეს იუ გარდენი შანხაიში ჩამოსული ტურისტებისთვის ის სივრცეა, რომელიც მოგონებათა ფეხის ხმას უსმენს.

იუ გარდენის ქვის ბილიკებიდან გზა იმ სივრცეებისკენ მიდის, სადაც ჩინეთი ისტორიას ინახავს და მომავალ თაობებს გადასცემს. სანამ ციფრული ეპოქა დადგებოდა, წარსულის ამბები სწორედ ასეთ გრაგნილებზე იწერებოდა. მელნის თითოეულ მონახაზში ჩინეთის ისტორიაა გადმოცემული.

დღევანდელ შანხაის ამ ხელნაწერებიდან ახლა საუკუნეები აშორებს, თუმცა სწორედ ისინი გვიყვებიან, როგორ ყალიბდებოდა ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია.

ჩინური ცივილიზაციის ათასწლოვანი ისტორია ერთ სივრცეში იყრის თავს. ბრინჯაოს ნაკეთობები, რომელიც პირველი დინასტიების ეპოქაზე მოგვითხრობს, კერამიკა, ნეფრიტი, ქანდაკებები, უძველესი ხელნაწერები, მონეტები  ამ მუზეუმს შეგვიძლია ჩინეთის ცოცხალი მეხსიერება ვუწოდოთ.

თუმცა წარსულის გასაცნობად, უნიკალური ნივთების ნახვის გარდა, სხვა გზებიც არსებობს. ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი კი ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს. აქ დრო მოძრაობას ტექნოლოგიის დახმარებით იწყებს. ციფრული გამოფენების მეშვეობით, ჩვენს თვალწინ საუკუნეების წინანდელი ჩინეთის ყოველდღიურობა ცოცხლდება  ქუჩები, ადამიანების ყოველდღიურობა, მათი ტრადიციები, შრომა და ცხოვრების რიტმი...

ძველი სამყაროს ამბებიდან გამოსვლის შემდეგ, შანხაი სხვა სიმაღლიდან გვიხმობს, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ქალაქს მსოფლიოში სიმაღლით მეორე შენობიდან უნდა გადმოვხედოთ. 470 მეტრი სიმაღლის რადიო და სატელევიზიო კოშკიდან შანხაის გასაოცარი ხედები ჩანს. ორიენტალის კოშკი, რომელსაც 15 გადმოსახედი პლატფორმა აქვს, მოგზაურებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. არ აქვს მნიშვნელობა, სიმაღლის გეშინია თუ არა  თითქმის ნახევარი კილომეტრის სიმაღლეზე ეს ფობია ნამდვილად ქრება.

აქედან კარგად ჩანს, როგორ იქცა რამდენიმე ათწლეულში შანხაი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მეგაპოლისად. რატომ უნდა მოინიშნოთ ეს ქალაქი აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის? ამ კითხვაზე პასუხიც მარტივია. თუმცა, სანამ ამ მეგაპოლისს ბოლომდე გაიცნობთ, ამ ქუჩებში ისეთ ადამიანებსაც იპოვით, ვინც საქართველოში უკვე იმოგზაურა და ჩვენი კულტურით აღფრთოვანდა.

თუ დღისით შანხაი თავის ისტორიას გვაცნობს, ღამით ის საკუთარ ენერგიას გვაჩვენებს. ეს ენერგია კი ყველაზე კარგად ბანდის სანაპიროზე იგრძნობა.

მდინარე ჰუანპუს გასწვრივ ერთმანეთს კოლონიური ეპოქის ისტორიული შენობები და პუდუნის თანამედროვე ცათამბჯენები ერწყმის. მომავლის ქალაქი, რომელიც ღამის ნათებაში იძირება, შთამბეჭდავად სწორედ აქედან ჩანს. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ეს ადგილი მილიონობით ადამიანის გადაკვეთის წერტილი ხდება.

ბანდის სანაპიროს მიღმა დანახული შანხაის ნათება ქალაქის გულში გრძელდება... დიდი საფეხმავლო ბილიკი, ხალხის ზღვა და შეცვლილი რიტმი. ისტორიული ფასადებიდან გზა ნანჯინგის ქუჩისკენ მიდის. ხუთ კილომეტრზე გადაჭიმული ქუჩა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო გამზირად ითვლება. ისტორიული შენობები, ცნობილი ბრენდები, კაშკაშა ვიტრინები და ათასობით ადამიანი.

განთიადი ღამის კვალს შლის. სანამ მზე ცათამბჯენებს ხელს ბოლომდე მოხვევს და შანხაის გაანათებს, ქუჩები ცოტა ხნით მშვიდდება. ცისა და თანამედროვე არქიტექტურის გადაკვეთის წერტილში სიჩუმე ისადგურებს. შანხაიში თენდება.

ქალაქში, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც კარს მილიონობით სტუმარს უხსნის, ხმაური არავის აკვირვებს. თუმცა, არც ბუნება და სიმშვიდეა შორს. ცათამბჯენებით სავსე შანხაი საკუთარ პატარა სამყაროებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის ქმნის.

ერთ-ერთი ასეთი კი ზოოპარკია. ამ სივრცის მთავარი ვარსკვლავი პანდაა ჩინეთის ეროვნული საგანძური, რომლის ნახვაც ბევრი მოგზაურისთვის ამ ქვეყანაში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩვენ გაგვიმართლა, გიგანტურ პანდებს არ სძინავთ და მეტიც, თავს საყვარელი საკვების, ბამბუკის ჭამით ირთობენ.

და როცა ბავშვებისთვის საყვარელ ადგილებზე ვსაუბრობთ, შანხაის ამბის მოყოლა დისნეილენდის გარეშე შეუძლებელია, რადგან ბავშვობაში წაკითხული ზღაპრები უბრალოდ წიგნის ფურცლებზე არ რჩება. გავა დრო და ის რეალურ სამყაროშივე რეალობად იქცევა. ერთი კარის შეღებაც საკმარისია, რომ ზღაპარი ქუჩებად, სასახლეებად და ცოცხალ პერსონაჟებად გარდაიქმნას. წარმოსახვას მისამართი ნამდვილად აქვს და ეს შანხაის დისნეილენდია, დიდებს ბავშვობაში რომ გვაბრუნებს, პატარებს კი ოცნებების სამყაროს კარს უხნის.

ზღაპრის სამყარო ოთხ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. რვა თემატური ზონა და ასობით ატრაქციონი ყველა ასაკის ადამიანის გემოვნებას პასუხობს.

შანხაი შთაბეჭდილებების ქალაქია  ადგილი, სადაც ისტორია, ხელოვნება, თანამედროვე არქიტექტურა და გართობა თავს ერთ სივრცეში იყრის. მომავლის ქალაქი ქართველი მოგზაურებისთვის ახლა იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, ახალი საჰაერო მარშრუტით, რომელიც თბილისსა და შანხაის შორის გაივლო. შანხაის საერთაშორისო აეროპორტში პირველი, ისტორიული ფრენისთვის ემზადებიან.

რეისი ნომრით mu285 ივსება, პირველივე რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეისით მგზავრების ნაწილი საქართველოში მოგზაურობის მიზნით მოფრინავს, ნაწილი სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, ნაწილი კი ოჯახის წევრებთან ბრუნდება.

10 საათში ჩინეთის კიდევ ერთი გიგანტი კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის ცაზეა. სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა საინაუგურაციო რეისს საპატიო დახვედრას უწყობს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩაინა ისთერნ ეარლაინსი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ორშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

საქართველოს ავიარეწველობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე იწერება, რადგან შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლით ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო მტკიცე ხდება. ახალი გადაწყვეტილება კი ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის: ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ტურისტული ნაკადის ზრდას, რაც საქართველოს დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან კარიბჭეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საინაუგურაციო რეისს ჩინური მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გამოყვნენ. სტუმრები თბილისის შესახებ შესაბამის მასალებს მოამზადებენ და ჩინელებს გააცნობენ.

ამბობენ, რომ მანძილი ადამიანებს აშორებს, თუმცა, ზოგჯერ ერთი რეისიც საკმარისია იმისთვის, რომ ათასობით კილომეტრმა მნიშვნელობა დაკარგოს და ადამიანები ერთმანეთთან უფრო ახლოს აღმოჩნდნენ. თბილისსა და შანხაის შორის გზა უკვე პირდაპირ გადის  ცაზე გავლებული ახალი მარშრუტით.

დღის ამბები