19 ივლისი 2026,   04:07
ვრცლად
პასუხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას - კარნახობს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციას დღის წესრიგს "დიფ სთეითი"

"დიპ სტეიტი"… ეს სიტყვები ზოგისთვის მხოლოდ სიტყვაა, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე ტერმინია, რომელიც ბევრის ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივ რეალობას ამკვიდრებს. არსებობს ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს ისე იღებს, როგორც ეს მისთვის არის მისაღები… მანიპულირებს სახელმწიფოების ბედით და ცდილობს, მართოს ყველა ნაბიჯი და ყველა მოვლენა, რომელიც ერების სუვერენულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ბევრი შრომის შედეგად, ოლიგარქიულმა მმართველობამ მსოფლიოში ოპტიკური ილუზია შექმნა და ამ ყველაფერს "დემოკრატიული სტანდარტი" დაარქვა. შეიქმნა წესების ერთიანი კრებული, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველას მიმართ თანაბრად გამოიყენება. პრაქტიკაში კი ეს ყალიბდება წმინდა გეოპოლიტიკურ კონცეფციად, რაც დემოკრატიის საზომად მორჩილებას ადგენს. რამდენად მორჩილიც ხდება მთავრობა, იმდენადვე დემოკრატიულს დაუძახებენ მას საერთაშორისო სტანდარტის დამდგენად შერაცხული ბიუროკრატიული ინსტიტუტები.

ამის ნათელი მაგალითი ჰააგაში განვითარებული მოვლენებია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო "ჰააგის დეკლარაცია", სადაც საქართველოს 2024 წლის არჩევნების შედეგების არაღიარებას ითხოვს. არადა, ჩვენს არქივში ინახება ამავე ორგანიზაციის სრულიად საპირისპირო შეფასება.

პია კაუმამ და პასკალ ალიზარდიმ ეს განცხადებები 2024 წლის 27 ოქტომბერს გააკეთეს. ისინი საქართველოში ეუთო/ოდირის ეგიდით იმყოფებოდნენ. მათ არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურეს. ამ მოვლენებიდან 2 წლის თავზე კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისივე ორგანიზაციის დასკვნის უარყოფა გადაწყვიტა. ეს აჩენს კითხვას: ვის ინტერესებშია უსამართლო რეზოლუციებისა და დეკლარაციების მიღება?

თბილისის პოზიცია ასეთია: სცენარი გაიშიფრა, რადგან რევოლუციურმა სცენარებმა არ გაამართლა, ახლა დიპლომატიური ზეწოლის ჯერი დადგა. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეზოლუციების შემდეგ, ქართული ოპოზიციის ლობისტის, ჯო უილსონის გზავნილებით გაჯერებული "ჰააგის დეკლარაცია" ადასტურებს ერთ რამეს ბოლო იარაღი, რომელიც ტყვიას ფიზიკურად ვერ გაისვრის, "დიპ სტეიტისთვის" ახლა ეუთოა.

"დიპ სტეიტის" რეალური მიზნების დასანახად, ისიც კი საკმარისია, რომ მოლდოვასა და სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს გადავავლოთ თვალი. იქ პროცესი ოპოზიციის აკრძალვის, ლიდერების მასობრივი დაკავებებისა და მედიაზე ღია ზეწოლის ფონზე წარიმართა. ეს უფლებების ხელყოფის კლასიკური შემთხვევაა. თუმცა, როგორია დასავლეთის რეაქცია? არცერთი კითხვის ნიშანი. პირიქით მოლდოვასთან მოლაპარაკებების ე.წ. კლასტერი გაიხსნა, სომხეთს კი რეგიონის დემოკრატიის მოდელს უწოდებენ. გამოდის, სისტემის ენაზე მორჩილება არის ის ინდულგენცია, რომელიც თითქმის ნებისმიერ დარღვევას ფარავს.

კიდევ უფრო საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა ეუთოს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, კერძოდ კი 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე. პასუხი ერთია არანაირი.

"ორგანიზებულად და კანონიერად..." აი, ეს არის დიპლომატიის ენა, რომელმაც თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ღამე და მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარიზმი გაამართლა.

ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, დაემორჩილოს "დიპ სტეიტის" ამ წნეხს სიმშვიდის სანაცვლოდ. მაგრამ რა არის ამ კომფორტის რეალური ფასი? მორჩილება, სისტემის ენაზე, არ ნიშნავს განვითარებას. პრემიერ-მინისტრი ევროპის დღევანდელ სტაგნაციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ "დიპ სტეიტის" წესებით თამაში ეროვნული იდენტობის წაშლას, ეკონომიკის განადგურებას და, რაც მთავარია ეგზისტენციალურ საფრთხეს ნიშნავს.

ასე სრულდება დიდი გეოპოლიტიკური ილუზიები. როდესაც ე.წ. "სისტემას" რევოლუციური სცენარები უვარდება, როცა გარედან წახალისებული შიდა არეულობა ფიასკოს განიცდის, არსენალში მხოლოდ ორი რამ რჩება: ფურცელზე დაწერილი მუქარა და ქუჩაში დარჩენილი ასკაციანი პროტესტი. ბრიფინგის ოფიციალური ტექსტის მიღმა, საქართველოს მთავრობის გზავნილი სინამდვილეში უმარტივესია და ის ერთგვარ პოლიტიკურ ულტიმატუმს ჰგავს: სუვერენიტეტი არ ხურდავდება ევროპული ბიუროკრატიის კომფორტზე.

და რატომ? იმიტომ, რომ ფასი, რომელსაც "დიპ სტეიტი" ითხოვს, რეალურად არა დასავლური მომავალი, არამედ საკუთარი იდენტობისა და ეროვნული ინტერესების კაპიტულაციაა.

დღეს თბილისი აკეთებს იმას, რის თქმასაც ბევრი ევროპული დედაქალაქი მხოლოდ კულუარებში ბედავს. და სანამ საქართველო ბოროტი ოლიგარქიული მმართველობის თამაშის წესებს მტკიცედ უარყოფს, ნებისმიერი რეზოლუცია დარჩება მხოლოდ რეზოლუციად ძალაუფლების იმიტაციად იქ, სადაც რეალური ძალაუფლება და გადაწყვეტილება, უკვე დიდი ხანია, თავად ამ ქვეყნის ხალხის ხელშია.

დღის ამბები